საქართველოს პრეზიდენტმა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია
თანამშრომლებს წარუდგინა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილთან ერთად, შს
თანამშრომლებმა ეპოქა შექმნეს.
„მე მაქვს პრეტენზია, რომ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო
პოლიცია გვყავს. უნდა ვისწავლოთ დაფასება და უნდა გვესმოდეს რამხელა შედეგს
მივაღწიეთ. შეიარაღებულ ძალებთან ერთად პოლიცია ყველაზე ავტორიტეტული უწყებაა. რაც
შეეხება ბაჩო ახალაიას, მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი, მაგრამ ასევე ბევრი მტერიც
ჰყავს. როცა ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დავნიშნეთ, ერთმა
ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა: მგონი ცუდად მიდის საქმე 26 წლის ბიჭი ამას
ვერ ‘’გაქაჩავსო", მაგრამ მან შეძლო და თან ძალიან კარგადაც“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ბევრი პატიმარია და ამიტომ
ჰუმანიზაციის ალტერნატიული სასჯელების ახალი ფორმებია მოსაფიქრებელი.
„პოლიცია არის ძალიან კარგად აწყობილი, ეფექტური სტრუქტურა. ბაჩო
ახალაიას მინისტრად დანიშვნის შემდეგ მის ძმას მოუწევს სტრუქტურის დატოვება და ეს
გარდაუვალია. ჩვენ სამინისტროების შიგნით ვერ შევქმნით ოჯახურ კლანებს.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველაფერი რაც უწყებაში დაწყებულია. პოლიცია
კი, დეპოლიტიზირებული სტრუქტურაა“,-
განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბაჩო ახალიას შს მინისტრად დანიშვნა ვანო მერაბიშვილმა მოითხოვა და ის ამას დათანხმდა. პრეზიდენტმა პოლიციის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებისთვის ვანო მერაბიშვილს მადლობა გადაუხადა.
internet.ge