ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
 
გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე
15:38 17.04.10 - ქართული ანიმაციის აწმყო და მომავალი [video]

[ლევან სეფისკვერაძე]
დაახლოებით 80 წელია, რაც ქართული მულტიპლიკაცია არსებობს. მართალია, ბოლო წლებში ქართული მულტფილმები იშვიათად იქმნება, მაგრამ ის კინოფონდი, რომელიც ჩვენმა ანიმატორებმა შექმნეს, სპეციალისტთა აზრით, ნამდვილად საამაყოა.

სამწუხაროდ, ქართველ მაყურებელს ამ ფონდის 20% აქვს ნანახი. სრული არქივი, რომელშიც 250 ფილმია, ყოფილ საბჭოთა ფირსაცავში “ბელიე სტალბიში” ინახება. ქართველ ანიმატორთა მეხუთე თაობის წარმომადგენლები ამ არქივის ასლების საქართველოში ჩამოტანაზე 10 წელი მუშაობდნენ. სამი წლის წინ ამ საკითხით ტელეკომპანია “მზე” დაინტერესდა და კინოსტუდია “ქართულ ფილმთან” ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არსებული არქივის სამართალმემკვიდრეა, ახლახან 15 ფილმის ვიდეო ასლი ჩამოიტანა.

ანიმაციური სტუდია საქართველოში 1929 წელს შეიქმნა ლადო მუჯირის მიერ, დიდი წინააღმდეგობებისა და ხელისშეშლის მიუხედავად. ხოლო პირველი სიუჟეტური ფილმი, “არგონავტები”, რომლის მხატვარიც ლადო გუდიაშვილი იყო, 1935 წელს გაკეთდა.

აკადემიურ დონეზე კი ქართული მულტიპლიკაცია არკადი ხინთიბიძემ აიყვანა, რომელმაც ცნობილი ფილმ-ზღაპრები ქართულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიაზე დაყრდნობით შექმნა. არაჩვეულებრივი ანიმაციური ფილმები გააკეთა ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა. მას უთქვამს, ნამდვილი ხელოვნება მულტიპლოკაციაშიაო. საინტერესო ანიმაციები შექმნეს ბორია სტარიკოვსკიმ (“კატა და ლომი”, “მშიშარა თაგუნა”), გაბო ლავრელაშვილმა (“ლურჯი მელია”, “შაქრო და ზაქრო”) და შალვა გედევანიშვილმა. კარლო სულაკაურის მოსვლა თოჯინური მულტფილმების შექმნით აღინიშნება.

1953 წელს როდესაც ლადო მუჯირი გარდაიცვალა, ანიმაციური სტუდია დახურეს. მაშინ გაზეთი “იზვესტია” წერდა, ქართველი მულტიპლიკატორები პროფაშისტ დისნეის ბაძავენო, თუმცა მიზეზი მარტო ეს არ იყო.

ქართული მულტიპლიკაციის მეორედ დაბადება მაშინ მოხდა, როცა სტუდიაში “ხელმარჯვე ოსტატის” ავტორი ვახტანგ ბახტაძე მოვიდა. სხვათაშორის, ამ ანიმაციური ფილმის ერთ-ერთ სერიას სანფრანცისკოს კინოფრსტივალზე მთავარი პრიზი აქვს მიღებული. საერთოდ, ქართული მულტფილმები მრავალჯერ იქნა პრიზირებული ბერლინის, კანის თუ იაპონიისა ფესტივალებზე.

ქართველ მულტიპლიკატორთა მე-4 თაობამ ცოტა შეცვალა კურსი და უმეტესად ფსიქოლოგიურ-შემეცნებითი ანიმაციის კეთება დაიწყო. ამ თაობის ფილმებია “ჭირი”, “ბაბაჯანა”, ბატი ტასიკო, “მეფე და ჩიტი”.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველებს ნამუშევარი აქვთ ყველა ტექნიკურ სტილში: ნახატი, თოჯინური, აპლიკაციური ანიმაცია, პლასტილინი.

სამწუხაროდ, ანიმატორთა მე-5 თაობა უფრო მუსიკალურ კლიპებზე მუშაობს, რაც ბოლო დროს ძალიან შემოვიდა მოდაში. ბოლო 10 წლის ყველაზე თვალსაჩინო ნამუშევარია რატი ნანეიშვილის “მგლის აღსარება”, რომლის პრემიერაც ამ შემოდგომას შედგა.

ასევე ამ უმოძრაობის პერიოდში შეიქმნა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მულტფილმი “რეინიკე მელა”, რომელსაც ანიმატორი შადიმან ჭავჭავაძე 15 წელი აკეთებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ანიმაციური წარმოება ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს, ამ საქმის შესწავლით ახალგაზრდები მაინც ინტერესდებიან.

დღეისათვის უკვე შექმნილია პატარ-პატარ მულტსტუდიები.

მულტწარმოება ძვირადღირებული საქმეა და მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ანიმაცია ნელ-ნელა ჩვენთანაც შემოდის, ანიმაციური ფილმების კეთება მაინც არ შედის ქართული ტელევიზიების ინტერესში, რადგან 10-20 წუთიანი ანიმაციური ფილმის გაკეთება დიდ თანხას, შრომას, დროს მოითხოვს და სატელევიზიო ეთერში წყლის წვეთივით იკარგება.

რაც შეეხება კომპიუტერულ ანიმაციას, მასზე ქართველ ანიმატორთა შორის დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა. ახალგაზრდები თვლიან, რომ მთავარია აკეთონ და ტექნიკურ საშუალებებს მნიშვნელობა აღარ აქვს.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ერთადერთი პროდუქტი რაზეც დეფიციტია, არის ანიმაცია. ტელეარხები უფროდაუფრო მეტ მასალას ითხოვენ. მართალია, კომერცია ამ დარგშიც შემოიჭრა, რაც ანიმაციას კარგი სახით არ წარმოაჩენს, მაგრამ ეს ხელოვნება მაინც რჩება განხორციელებულ ზღაპრად, როგორც მას ანიმატორები უწოდებენ.

presa.ge

გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე


 
უკანასკნელი ათი წლის ოსკაროსანი ფილმებიდან მე ვირჩევ...
გლადიატორი –(Gladiator)(2001)
ბეჭდების მბრძანებელი – (Lord of the Rings)(2004)
მილიონერი ჯურღმულიდან – (Slumdog Millionaire (2009)
გოგონა მილიონ დოლარად – (Million Dollar Baby)(2005)
ბრწყინვალე გონება - (Beautiful Mind)(2002)
ჩიკაგო – (Chicago)(2003)
განდგომილები – (The Departed) (2007)
მოხუცების ადგილი აქ არ არის – (No Country for Old Men) (2008)
ქარიშხალის მბრძანებელი – (The Hurt Locker) (2010)
შეჯახება – (Crash) (2006)
 
Your Like on Facebook X