კონსტანტინე ვარძელაშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს
14:10 07.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 სექტემბერს, ნიუ იორკში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მონაწილე 167 სახელმწიფოს წარმომადგენლიდან 133-მა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ კონსტანტინე ვარძელაშვილის წევრობას ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2013-2016 წლების ვადით.
კომიტეტი ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში აღიარებული 18 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან შედგება და მისი ამოცანაა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის წევრ-სახელმწიფოთა მიერ შესრულების ზედამხედველობა.
პაქტის მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად წარუდგენენ კომიტეტს ანგარიშებს ქვეყანაში პაქტით გათვალისწინებული უფლებების დაცვის თაობაზე. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ საჩივრის შეტანა კომიტეტში მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრთა ნახევრის როტაცია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება.
პროფესორი ვარძელაშვილის არჩევა ქართული იურიდიული სკოლის საერთაშორისო აღიარება და საქართველოს დიპლომატიის მნიშვნელოვანი წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანდიდატმა კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. 2013-2016 წლებში კომიტეტის ახალი წევრები იქნებიან ასევე გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, ალჟირის, ეგვიპტის, არგენტინის, მავრიკისა და კოსტა რიკის წარმომადგენლები.
ეს წარმატება კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელებაში, რაც ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს როლის ზრდას გულისხმობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის პაქტის მონაწილე ყველა ქვეყანას მხარდაჭერისთვის, გულითადად ულოცავს ბატონ ვარძელაშვილს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მისი ახალი, მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებისას.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|