დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და „დინამო არენაზე“ სრულ ანშლაგს ელოდებიან.
10 სექტემბერს, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ. შემდეგ კი, მოედანზე გადაინაცვლა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.
„ბიჭებმა ძალიან კარგად იციან, ვის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ არსებობს და ესპანელთა უძლეველობის ფაქტორმა, შესაძლოა, ჩვენზე იმაზე დადებითად იმოქმედოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ფეხბურთელებს ესპანელთა წინააღმდეგ თამაშის საშუალება აქვთ. ეს მათი შანსია, რომ ვაჟკაცურად იბრძოლონ და თავი გამოიჩინონ. ბელარუსთან გამარჯვებამ ძალიან დადებითად იმოქმედა. შედეგს რაც შეეხება, წაგების გარდა, ჩვენ ყველანაირი შედეგი დაგვაკმაყოფილებს. სამწუხაროა, რომ ჯანო გაცივდა, სიცხე აქვს და წევს. ის, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს... ვინც მოედანზე გავა, ის ასი კი არა, ორასი პროცენტით უნდა იყოს მზად! მოკლედ, ჩვენ გავალთ და ყველაფერს ჩავდებთ ამ თამაშში; დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“ - განაცხადა ქეცბაიამ.
საქართველოს ნაკრების წინასამატჩო ვარჯიში ღია იყო და მას გულშემატკივართა საკმაო რაოდენობაც დაესწრო, რომლებიც საყვარელ გუნდს და ფეხბურთელებს შეძახილებითა და სიმღერებით ამხნევებდნენ.
საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 21:30 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მსოფლიოში ცნობილი ტელეარხები და რადიოები პირდაპირ ეთერში გადასცემენ. მატჩს ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ სტადიონის შესასვლელები 2 საათით ადრე გაიღება და სასურველია დასწრების მსურველებმა დროულად მოახერხონ სტადიონზე მისვლა. შესასვლელებსა და მთლიანად სტადიონზე გამკაცრებული იქნება უსაფრთხოების ზომები.
ფეხბურთის ფედერაცია ასევე, თხოვს გულშემატკივრებს სტადიონზე მიბრძანდნენ ჩვენი ეროვნული დროშის ფერებში ჩაცმულები.
internet.ge