"მაესტრო" სატელიტური ანტენების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დარიგებას დათანხმდა
ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტრო" სატელიტური ანტენების დარიგებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა. აღნიშნული ინფორმაცია ‘’ინტერნეტ.ჯი“-ს გაზეთ ”რეზონასის” მთავარმა რედაქტორმა დაუდასტურა.
მისივე თქმით, თანხმობის შესახებ უწყებათაშორის კომისიას უკვე ეცნობა, დაიგეგმება შეხვედრა, რომელზეც "მაესტროს" ხელმძღვანელობა და უწყებათაშორისი კომისია ანტენების დარიგების დეტალებს განიხილავენ.
„იმედია მოლაპარაკებების შედეგი "მაესტროსთვის" და მოსახლეობისთვისაც მისაღები იქნება", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ტუღუშის ინფორმაციით, „მაესტროს“ ხელმძღვანელი პირების თანხმობის შემთხვევაში, ტელეკომპანიის კუთვნილ, ამჟამად დაყადაღებულ ანტენებს, საქართველოს ფოსტა „მაესტროს“ სახელით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებს.
internet.ge