საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, განახლებულ თელავს ესტუმრა, სადაც სახალხო დღესასწაული იმართება.
ქვეყნის
პირველმა პირმა თელავის ახალი იუსტიციის სახლი და რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლებული „ნადიკვარის“ პარკი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა „ნადიკვარის“ პარკამდე ელექტრო მობილით იმგზავრა. პრეზიდენტი თელავში შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.
„2006 წელს აქ ერთი შადრევანი გავხსენით და ხალხს ის უხაროდა, ახლა კი, მთლიანად თელავის რეკონსტრუქცია ჩატარდა. თავდაპირველად ჩვენ მხოლოდ იტალიელი, ამერიკელი და ინგლისელი არქიტექორები გვყავდა, ახლა კი, ყველგან ყველაფერს ქართველები აშენებენ. ჩვენ სხვებზე უკეთესად ვისწავლეთ რაღაცეების კეთება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სახალხო სეირნობის ფარგლებში თელავში მოწყობილია შემინული ბაზარი, აგრეთვე მოწყობილია ღია ბაზრობა, სადაც ღვინო, კახური ნაწარმი და ადგილობრივი სუვენირები გასაყიდად არის გამოფენილი.
ერეკლე მეორეს მოედანზე დადგმულ საწნახელში კი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს ყურძნის დაწურვაში.
internet.ge