ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ვახტანგ ბალავაძემ და მცხეთა-მთიანეთში, პრეზიდენტის რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა დაბა ფასანაურში დასრულებული გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს.
დაბა ფასანაურში გაზიფიცირების სამუშაოებს კომპანია „სოკარ გაზ ჯორჯია“ აწარმოებდა. კომპანიამ დაბა ფასანაურში მცხოვრები 120 ოჯახი გაზიფიკაციის ქსელში ჩართო.
დაბა ფასანაურში მაღალი წნევის გაზსადენი რამდენიმე წლის წინ აშენდა. თუმცა, რთული უბნების დაქსელვა ამ დრომდე დასრულებული არ იყო. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაბა ფასანაურის ძირითადი ნაწილი უკვე გაზიფიცირებულია.
კომპანია მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობს. პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ანუ რაც თითოეულ ოჯახს ერთი ბალონი თხევადი აირის შესაძენად სჭირდება.
გარდა ამისა, მოსახლეობას საშუალება ეძლევა ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის საფასური 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფაროს, რომელიც მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
internet.ge