გოგა ხაინდრავამ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალებთან
დაკავშირებით განმარტება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა.
ხაინდრავას თქმით, მას რევაზ ლორთქიფანიძესთან რამდენიმე წლიანი
მეგობრობა აკავშირებს.
„მე ვიყავი 12 წლის, რევაზ ლორთქიფანიძე კი იყო 8 წლის, როდესაც
ხილიანის #23 - ში ერთად დავიწყეთ ცხოვრება მწერალთა სახლში. მამამისი მამაჩემის
მეგობარი იყო.
ჩვენ ერთად გავიზარდეთ და 22 წელი ერთ სახლში ვცხოვრობდით. მე ჩემს
მეგობრებს არ ვემიჯნები, ვერც წარსულს წავშლი და ვერც ცხოვრებას დავიწყებ თავიდან.
რეზო ლორთქიფანიძე იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი“ - განაცხადა ხაინდრავამ.
კითხვაზე, თუ რისთვის იყო ჩასული გოგა ხაინდრავა საფრანგეთში, ყოფილი
მინისტრი პასუხობს, რომ ის ცივილიზაციის
უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
„არის ასეთი უნივერსიტეტი, ძალიან ცნობილი, იქ დამპატიჟეს აფხაზეთის
ომის 20 წლისთავთან დაკავშირებით. ჩემი ფილმის ჩვენება იყო. რეზო 7 წელი იჯდა
საქართველოში ციხეში, შემდეგ კი ამათმა მიიყვანეს და გადაიყვანეს საზღვარზე. რეზო ქურდია და ამის გამო საფრანგეთშიც მოხვდა
ციხეში 4 თვით. მე რომ ჩავედი მაშინ საავადმყოფოში იწვა პარიზიდან რამდენიმე საათის
სავალზე. მაშინ მივედი და იქ ვნახე. ექიმს უთხრა, რომ დიდი ხნის უნახავი მეგობარი მივიდა მასთან სტუმრად და
რამდენიმე დღით სახლში გაეშვა, გამოუშვეს. შემდეგ უკვე რესტორანშიც ვიყავით. ის
ფოტოები, რაც მასალაში ვნახეთ, სწორედ იქ არის გადაღებული. კადრში, რომელი სახლიც ჩანს
ის არის იქაური ემიგრანტების სახლი. ეს იყო და ეს“-ამბობს გოგა ხაინდრავა.
ხაინდრავა საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს,
თუ რაიმე სახის ეჭვები გაჩნდა მის პერსონასთან დაკავშირებით, რატომ არ დაუსვეს
კითხვები მაშინ, როცა ორჯერ იყო ამ შეხვედრის შემდეგ ჩასული საფრანგეთში. ყოფილი
მინისტრი ამაზე განმარტებებს ითხოვს.
მისი თქმით, თუკი მას საფრანგეთის ჟანდარმერია დაიბარებს, ის
აუცილებლად ჩავა საფრანგეთში.
internet.ge