საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, აეროპორტი გახსნა, სადაც wizz air-ის
პირველი რეისი განხორციელდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული უნგრული კომპანია საუკეთესო
აღმოჩნდა, რის გამოც პირველ რეისს სწორედ ისინი ახორციელებენ.
„ძველი კოპიტნარის აეროპორტის ადგილზე, რომელიც 2008 წელს მიწასთან
გაასწორა ჩვენი მტრის ავიაციამ, დღეს ახალი აეროპორტი გავხსენით. ამ აეროპორტის
გახსნა არის სიმბოლო საქართველოსი, რომელიც მერამდენედ აღსდგა ფერფლიდან და
რამდენჯერაც უნდა სცადონ წაქცევა, არასდროს ქვეყანა თავს არ ხრის“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ბევრი ქალაქი კეთდება, შენდება, უმჯობესდება და
ქვეყანა წინსვლას და აღორძინებას გააგრძელებს.
„იმ ხალხისთვის ვინც უკან გვაბრუნებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის
სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე. მათი მთავარი ლოზუნგი არის ის, რომ ქუთაისში არ იყოს
პარლამენტი. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს უკვე განხორციელდა და 2 ოქტომბერს
გაიხსნება ქუთაისის პარლამენტი ისე, როგორც უნდა გახსნილიყო“, - განაცხადა
პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, თბილისიდან ფრენები ძალიან ძვირი ღირს,
ქუთაისიდან განხორციელებული რეისები კი, ძალიან იაფი იქნება. „ყველა ჩვენი
სტუდენტი, რომელიც განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სფეროში, პირველ 50 უნივერსიტეტში
ჩააბარებს, დაფინასდება სახელმწიფოს მიერ. სტუდენტებმა, ბიზნესმენებმა უნდა
იფრინონ ამ აეროპორტის საშუალებით და ჩვენი პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა მოხდეს“,-
დასძინა სააკაშვილმა.
internet.ge