„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებაში ორი კვირის
განმავლობაში იქნებიან, თუმცა ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩაერევიან. აღნიშნულის
შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა განუმარტა, მათი გუნდის
წევრებსა და მოქმედ მინისტრებს შორის კომუნიკაცია დღეს საღამომდე შედგება და ყველა
უწყებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შევლენ.
მისი თქმით, ეს არ იქნება ფორმალური სტატუსი, მაგრამ „ქართული
ოცნების“ წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღებაში ვერ ჩაერევიან და ისინი მხოლოდ
ინფორმაციას გაეცნობიან.
„ისინი შეისწავლიან მიმდინარე ვითარებას და მომდევნო ორი კვირის
განმავლობაში უწყებებში იქნებიან,“- დასძინა უსუფაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტში პირველი სხდომის ჩატარების
საკითხსაც.
internet.ge