ცხინვალის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ აღიარა, რომ ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სპექტაკლია, რომლის სცენარიც წინასწარაა დაწერილი.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მან ინტერვიუ მისცა გამოცემა „ეხო კავაკზა"-ს. ჯიოევა ამბობს, რომ ე.წ. ასაპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ცენტრალური საარჩევნო კომისია ისე მოიქცევა, როგორც ზევიდან უბრძანებენ".
ჯიოევა, საავადმყოფოში 43-დღიანი იზოლაციის შემდეგ, გუშინდელ „არჩევნებს" „საარჩევნო ღონისძიებას" და „სელექციურ შერჩევას" უწოდებს, რადგან მისი თქმით, „არჩევნებში" მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებიც „გარკვეულ ძალებს აწყობთ". ამიტომ ის ხმის მისაცემად არ წასულა და არც რომელიმე კანდიდატის მიმართ გამოუხატავს მხარდაჭერა.
ჯიოევა ამბობს, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, მაგრამ შიშობს, რომ არც ახალი განუკითხაობისგან არის დაზღვეული, რადგან საავადმყოფოდან კი გამოუშვეს, მაგრამ მკაცრად შეზღუდული უფლებებით: „იმ პირობით, რომ ინტერვიუსაც კი არ მივცემ. ამ უკანასკნელი უფლების წართმევაც კი უნდათ 21-ე საუკუნეში" - ამბობს ის.
Internet.ge