დაცვის პოლიციის
თანამშრომლებმა სამუშაო ადგილებზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ
თავად უწყების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ირაკლი
ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ღარიბაშვილის
თქმით, ის პოლიციელებს დაჰპირდა, რომ საკითხს მოქმედი მთავრობის წევრებთან
გაარკვევს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მათი გათავისუფლების შესახებ
ინფორმაცია დღეს დილას გაავრცელეს და განაცხადეს, რომ სამსახურის გაუქმების
შესახებ მათ მერიის წარმომადგენელმა დილით აცნობა და ქალაქის ახლად შემქნილ
სამსახურში გადასვლა მოსთხოვა.
პოლიციის თანამშრომლების თქმით, მათ ამაზე უარი განაცხადეს და „ქართული ოცნების“
ოფისში მივიდნენ. დღესვე ამ თემაზე განმარტება გაკეთდა თბილისის მერიაშიც, სადაც
აცხადებენ, რომ საქმე ეხება არა თანამშრომლების გათავისუფლებას, არამედ
ხელშეკრულებას, რომელიც მერიის დაცვის ახალი სამსახურის შექმნას უკავშირდება.
უწყების პრეს-სპიკერის განმარტებით, დაცვის სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც
მერიის ობიექტებს იცავდნენ, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალაქის დაცვის ახალ
სამსახურში გადასვლა შესთავაზეს.
Internet.ge