კახი კალაძე
ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელია, ინფრასტრუქტურის სამინისტროში
წარმატებულ საქმიანობას შეძლებს, რადგან მანამდე საკუთარი ბიზნესიც ჰქონდა, - თუმცა
რაიმე კონკრეტული გეგმა მას ჯერ არ გააჩნია.
„ტყუილი
იქნება ვთქვა, რომ რაღაც გეგმები მაქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში. გეგმა ჯერ
არ მაქვს, მაგრამ მალე რასაკვირველია გეგმაც იქნება და გუნდიც, რომელიც ჩემთან
სამინისტროში იმუშავებს,“ - ამის შესახებ კალაძემ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა და ყოფილი და მომავალი მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით თავისი პოზიციები ჩამოაყალიბა .
ჟურნალისტის
კითხვაზე, - თვლით თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებდა გაემეორებინა ის გზა,
რომელიც ვლადიმერ პუტინმა გაიარა, კალაძემ განაცხადა, რომ ეს ასეა: „დიახ. და
ისინი ამას უკვე აკეთებდნენ. მან მოირგო კონსტიტუცია, შეცვალა ის და სურდა
პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. მადლობა უნდა ვუთხრათ „ქართულ
ოცნებას“ და საერთოდ, ქართველ ხალხს, რომელმაც ცივილიზებულად, დემოკრატიული
არჩევნებით აირჩია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, “- აღნიშნა მან.
კალაძის
თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კრიმინალური თვალსაზრისით სიმშვიდეა,
ეს დემოკრატია არ არის.
„კარგია,სიმშვიდეა,
არ იპარავენ. მაგრამ ეს ხომ არ არის დემოკრატია. და საქართველოში, თუკი ადამიანი
სხვაგვარად ფიქრობს, სააკაშვილი და მისი მთავრობა ამბობს, რომ ის უკვე ქვეყნის
მტერია, გესმით?“, ამას ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს, “- აღნიშნა კოალიციის
წევრმა.
რაც შეეხება
ჩატარებულ არჩევნებს, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ
ხელისუფლებამ ეს არჩევნები გააყალბა და მათ ამის მტკიცებულებებიც აქვთ, რომელსაც
მხოლოდ სამართლიან სასამართლოს წარუდგენენ.
ახალი მთავრობისა და პირადად მისი მომავალი გეგმების შესახებ კალაძემ განაცხადა,
რომ დროში გაწერილი გეგმები არ აქვთ, თუმცა აქვთ პრიორიტეტები და მათ შორისაა
სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რაც უპირველესი ამოცანა იქნება. პრიორიტეტებში
შედის პოლიციის გათავისუფლებაც პოლიტიკისგან.
კალაძემ
აღნიშნა, რომ ის მიესალმება პოლიციის რეფორმას, „მაგრამ ის, რომ პოლიცია ასრულებდა
ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ამბობდა, არ შეიძლება და მას არაპოლიტიზებული იმიჯი
უნდა ჰქონდეს“. კალაძე ფიქრობს, რომ პოლიციამ დაკარგა ის, რაც შექმნის პირველ
პერიოდში ჰქონდა, რადგან დავალებების „შემსრულებელი გახდა“.
ყოფილი
ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება გამორიცხავს პოლიტიკურ რევანშიზმს,
თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულებში მხილებულ ადამიანებს კანონის ძალით
სასამართლოს წინაშე მოუწევთ პასუხისგება.
Internet.ge