აშშ-ში ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაცია დაიწყო. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში უკვე ამუშავდა აეროპორტები, მუშაობას მალე შეუდგება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაც.
ხელისუფლების შეფასებით, სტიქიას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. შტორმი კი ამ დროისთვის ჩრდილოეთით – კანადისკენ მიიწევს.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 8 მილიონი ადამიანი. ურაგანმა, რომელსაც სუპერშტორმი უწოდეს, ქალაქებს - ატლანტიკ-სითის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკსა და პენსილვანიის, კონექტიკუტის, მერილენდის, ჩრდილოეთ კაროლინასა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებს გადაუარა.
ნიუ-იორკის დატბორილი მეტრო ამ დრომდე არ ამუშავებულა. მისმა თანამშრომლებმა მომხდარს უდიდესი კატასტროფა უწოდეს, რომელიც ბოლო 108 წლის მანძილზე მომხდარა. ვარაუდობენ, რომ მეტროში მატარებლების მოძრაობის აღდგენას 2-3 დღეში მოახერხებენ.
შეზღუდვებია გზებზეც, დატბორილია გვირაბებიც.
ელექტროკომპანიამ განაცხადა, რომ ბრონქსში, კუინსში, სტეიტენ-აილენდსა და ვესტჩესტერში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. თუმცა გეოდეზისტებს უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვთ, მათი ვარაუდით, აღდგენას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.
ბარაკ ობამა დაზარალებულ
რაიონებს
ფედერალურ
დახმარებას
დაპირდა.
მან განაცხადა, რომ მერებსა და გუბერნატორებს მასთან პირდაპირ შეუძლიათ დარეკვა და დახმარების თხოვნა.
რამდენიმე შტატში კი ქარიშხლის შემდეგ თოვლსა და ქარბუქს ებრძვიან. დასავლეთ ვირჯინიაში თოვლის საფარმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია. მეტეოროლოგების ვარაუდით, ერთ დღე-ღამეში თოვლის საფარი ერთ მეტრამდე მოიმატებს.
წინასწარი გათვლებით, სტიქიით მიყენებული ზარალი 20 მილიარდი დოლარი იქნება, ბიზნესის თვალსაზრისით კი ზარალი 10-დან 30 მილიარდამდე.
Internet.ge