ჯაფარიძე: ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო თუ რუსეთი თბილისს აიღებდა
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
შინაგან საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილეებთან დაკავშირებით
კითხვები აქვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ
განაცხადა, ზოგიერთი მოადგილე ჯერ კიდევ
შევარდნაძის მმართველობის დროს ეწეოდა საქმიანობას.
ჯაფარიძის განცხადებით, ასეთი ერთ-ერთი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილია.
მისი თქმით, ნაცვლიშვილმა 2008 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა
უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა.
„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად შერჩეული პირების ნაწილს,
მაღალი თანამდებობები ეკავა იმ დროში, როდესაც ქვეყნის მართვის პროცესში ჩართული
იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ე.წ. ქურდების სახით. მაშინ, როდესაც
ნარკოტიკების ბრუნვა ფორმალურად აკრძალული იყო, მაგრამ რეალურად კონტროლდებოდა
სწორედ სამართალდამცველი და უშიშროების სტრუქტურების მიერ. როდესაც კორუფცია
საჯარო სამსახურებში აღწევდა არნახულ მასშტაბებს და როდესაც ქართული სახელმწიფო,
საჯარო, განსაკუთრებით კი, სამართალდამცველი სტრუქტურები გაჯერებული იყო მტერი
სახელმწიფოს სპეციალური სამსახურების თანამშრომლებით“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
internet.ge