“საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” პროექტში
ცვლილება შედის, რომლის მიზანი ანაკლიის მიმდებარე ზოლის რეაბილიტაცია და გამაგრებაა.
პარლამენტის
დარგობრივი კომიტეტისა და ეკონომიკური კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, აღნიშნული პროექტი განიხილეს, სადაც მთავრობის ინიციატივით, პროექტის ერთ–ერთი მიმართულება იცვლება.
კერძოდ,
ქუთაისის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისა და არამოტორიზებული ტრანსპორტის განვითარების ქვეპროექტს, ანაკლიის სანაპირო ზოლის გაუმჯობესების ქვეპროექტი ჩაანაცვლებს.
ამას
გარდა, პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს – თბილისის ურბანული გარემოს გაუმჯობესებასა და გორგასლის გზის რეკონსტრუქციას, ვაჟა–ფშაველას გამზირზე მეტროს გაგრძელებასა და მესტიის გზების გაუმჯობესებას.
სესხი 85 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი გადახდის ხანგრძლივობა 32 წელია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, რუსუდან კემულარიას განმარტებით, მთავრობის პრიორიტეტია – ახალი ტურისტული კერების დროულად და მაღალი სტანდარტებით განვითარება.
„ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ თანხა ანაკლიას მოხმარდეს. ქუთაისის პროექტი კი არ შეჩერდება. არსებობს ბევრი ფინანსური წყარო, რომლითაც პროექტების დაფინანსება ხდება”, – დასძინა მან.
internet.ge