კონტროლის პალატაში "განახლებული საქართველოსთვის" შემოწირულების განმახორციელებელი პირები დაიბარეს
დღეს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ის მოქალაქეები დაიბარეს, რომელთაც ფულადი
შემოწირულობები განახორციელეს პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“.
კონტროლის
პალატის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ მოქალაქეების
მიწვევის საფუძველი არის ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც
აღნიშნულ პირებს რაიმე სახის შემოსავალი და ქონება არ გააჩნიათ და არსებობს
დასაბუთებული კითხვები მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერებასთან
დაკავშირებით.
კონტროლის
პალატაში მოქალაქეების გასაუბრებაზე მოწვევის მიზანია მათ მიერ განხორციელებული
შემოწიროლობების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და განხორციელებული
შემოწირულობების კანონიერების დადგენა.
მოქალაქეებთან
გასაუბრება განხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
რომლის შესაბამისად კონტროლის პალატა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში
პირებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პოლიტიკური სუბიექტისათვის გადაცემული
ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ.
აღნიშნულ
პირებთან გასაუბრება მოხდება მოწმის სტატუსით და შესაბამისად ისარგებლებენ
კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით, რაც დამატებითაც განემარტებათ.
ფინანსური
მონიტორინგის სამსხურის საქმიანობაში სიახლე დაინერგა. გასაუბრების დაწყებამდე
კონტროლის პალატაში მოწვეულ მოქალაქეებს მოემსახურებიან კონსულტანტები, რომლებიც
მიაწვდიან ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მათი მიწვევის მიზეზებსა
და საფუძვლებთან დაკავშირებით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, გაუწევენ
იურიდიულ კონსულტაციას და მიაწვდიან ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებთან
დაკავშირებით.
Internet.ge