უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცველებს
ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა დნეპროპეტროვსკის ტერაქტებში დამნაშავე პირები
მოიძიონ, კონკრეტულ კვალზე გავიდნენ და შედეგები 4 მაისისთვის მოახსენონ. მანამდე
კი უკრაინის შს მინისტრის განცახდებით, დნეპროპეტროვსკში ახალი აფეთქებების
საშიშროება აღარ არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას აქვს 6 ვერსია, თუმცა მათზე საუბარი გასაგები
მიზეზების გამო არ სურს, - იუწყება უკრაინული მედია.
სამართალდამცველებისგან განსხავებით, ვერსიებზე საუბარს არ გაურბიან პოლიტიკოსები.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ ტერაქტები იმ
ძალებისთვისაა ხელსაყრელი, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებით არიან
დაინტერესებულები და მოქმედებენ პრინციპით, „რაც უფრო ცუდადაა საქმე, მით უფრო
კარგია“, რადგან რაც უფრო ცუდად იგრძნობენ თავს ადამიანები, მით უფრო მეტად
დაადანაშაულებენ ხელისუფლებას“ - განაცხადა აზაროვმა. ის პირობას დებს, რომ
ტერაქტები უახლოეს მომავალში იქნება გახსნილი.
„ქვეყნისათვის გამოწვევა“ უწოდა დნეპროპეტროვსკში გუშინ მომხდარ აფეთქებათა სერიას
პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა და აღნიშნა, რომ მოიფიქრებენ, როგორ გასცენ საკადრისი
პასუხი.
თავისი ვერსიები აქვს უკრაინის პოლიტიკურ ოპოზიციასაც, რომელიც ხელისუფლების
მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს, რათა მიღწეულ იქნას მიზანი - იულია ტიმოშენკოს
საქმიდან ყურადღების გადატანა. ისინი თვლიან, რომ შესაძლოა, საგანგებო
მდგომარეობაც კი გამოაცხადონ, თუმცა ხელისუფლება საგანგებო რეჟიმის შემოღებას
უარყოფს. ყოველ შემთხვევაში, იუსტისციის მინისტრმა განაცხადა, რომ ამისთვის
საფუძველი ჯერჯერობით, არ არსებობს.
კიდევ ერთი ვერსია სპორტს უკავშირდება. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა
უკვე განაცხადა, რომ ტერაქტების ორგანიზატორებს, შესაძლოა, ფეხბურთში 2012 წლის
ევროპის ჩემპიონატის ჩაშლა ჰქონდათ მიზნად.
ტერაქტების გამოძიებაში უკრაინას დახმარება შესთავაზა დსთ-ის ანტიტერორისტულმა
ცენტრმა, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლია კიევს წარუდგინოს ანალიტიკურ და მეთოდურ
მასალათა პაკეტი, რომელიც მსგავსი დანაშაულების გახსნის გამოცდილებას ეხება და
ინტერპოლისა და დსთ-ის გამოცდილებას ეფუძნება - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა
ანდრეი ნოვიკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ დნეპროპეტროვსკში 4 აფეთქება მოხდა, მოგვიანებით კიდევ ერთი
ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს. ტერაქტების შედეგად 30
ადამიანი დაზიანდა, აქედან 22 ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. აფეთქებებს
მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ერთ ქალბატონს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.
internet.ge