მოქმედ რეგლამენტში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, პარლამენტს საზეიმო და საიუბილეო სხდომების გამართვის უფლება ექნება.
ინიცირებულ პროექტს სპეციალური 130 პრიმა მუხლი ემატება, რომელიც მსგავსი სხდომის გამართვას არეგულირებს. ცვლილების ავტორი კი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილია.
ცვლილებებით, საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, შეიძლება პარლამენტის საზეიმო და ან საიუბილეო სხდომა გაიმართოს.
პროექტის თანახმად, ასეთის სხდომა შეიძლება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს თუ ფაქტს მიეძღვნას და მას პარლამენტის თავმჯდომარე წარუძღვება. თუმცა, თუ ის ამას ვერ შეძლებს, მას შეეძლება ეს უფლება ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით, მის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს.
პროექტით, ასევე დგინდება, რომ საზეიმო თუ საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახალ პარლამენტში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო სხდომა უნდა გაიმართოს, რის გამოც, რეგლამენტში ცვლილება შედის.
internet.ge