მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ახალი რეგლამენტის იმ
ცვლილებას არ ეთანხმება, რომლის მიხედვით, მომავალ პარლამენტში
პლენარული სხდომა 11 საათის ნაცვლად, 12 საათზე გაიმართება.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დღევანდელ სხდომაზე
პროექტის განხილვისას ბობოხიძემ განაცხადა, მას არ ესმის, თუ რატომ უნდა გადაიწიოს
სხდომამ ერთი საათით წინ, მისთვის ეს ცვლილება მიუღებელია.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი ამბავი ატყდება. ისედაც,
პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატივას, ათასი მაკირკიტებელი
ჰყავს. თბილისიდან ქუთაისამდე მანძილი იგივეა, რაც ქუთაისადან თბილისამდე,
შესაბამისად, დეპუტატებს 1 საათით ადრე მოუწევთ ადგომა და სხდომაზე მისვლა“,-
განაცხადა ბობოხიძემ.
ბობოხიძის საპირისპიროდ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აცხადებს, რომ
პლენარული სხდომის ერთი საათით წინ გადაწევა სხდომის შესვენების ხარჯზე ხდება,
რათა დეპუტატებმა ქუთაისში ჩასვლა დროულად მოახერხონ.
გაურკვეველია, გაითვალისწინებს თუ არა კომიტეტი ბობოხიძის წინადადებას,
თუმცა საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.
ახალი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, მომავალ პარლამენტში სხდომები ერთი საათით გვიან დაიწყება. ცვლილებებით, სხდომა ორშაბათსა და პარასკევს გაიმართება, რომელიც 11 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, მომავალ პარლამენტში უკვე ერთ კვირაში იქნება დასაშვები როგორც პლენარული სხდომის გამართვა, ისე საკომიტეტო მუშაობა.
ასევე, მომავალ პარლამენტში დეპუტატები სხდომის დროს ერთსაათიანი შესვენებით 15:00-დან 16:00 საათამდე ისარგებლებენ. რეგლამენტის დღეს მოქმედი ნორმით კი, სხდომაზე ორსაათიანი შესვენება ცხადდება.
Internet.ge