ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი
პრეზიდენტია, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინებებს მხარი დაუჭირა. „ერთსქესიან წყვილებს
ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ,“ - განაცხადა ABC-სთან ინტერვიუში აფროამერიკელმა
პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს საკითხი შტატების დონეზე უნდა გადაწყდეს.
„მე გარკვეული ეჭვები მქონდა ერთსქესიან
ქორწინებებთან დაკავშირებით, რადგან მიმაჩნდა, რომ სამოქალაქო კავშირი სავსებით საკმარისი
იყო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში განვიხილავდი ამ საკითხს
მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან ერთად და შემდეგ დასკვნამდე მივედი: ჩემთვის
ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლა და იმის განცხადება, რომ ერთსქესიან წყვილებს უნდა ჰქონდეთ
ქორწინების დარეგისტრირების საშუალება,“-განაცხადა ობამამ.
ჯერ კიდევ 2010 წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა
განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ ჰქონდა აზრი ჩამოყალიბებული. ექსპერტთა მოსაზრებით,
წინასაარჩევნოდ ამგვარი განცხადების გაკეთება შესაძლოა საარჩევნო პროგრამის ნაწილად
განვიხილოთ.
„ობამას მთავარმა კონკურენტმა უკვე
განაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგია. საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა
კი აჩვენეს, რომ ამერიკის მოსახლეობის აზრი ამ საკითხზე, თითქმის, თანაბრად იყოფა“,
-იუწყება „ევრონიუსი“.
Internet.ge