დედაქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი თბილისის მასშტაბით მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს ორთაჭალაში, გულუას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე რთული ვითარება იყო.
გზა უკვე გახსნილია, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მაშველები სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.
დედაქალაქში სამაშველო სამსახური და სპეცტექნიკაა მობილიზებული. გზის გაწმენდითი და აღდგენითი, წყლის ამოტუმბვისა და სანიაღვრე არხების გასუფთავების სამუშაოები ქალაქის თითქმის ყველა უბანში მიმდინარეობს.
მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს და მოძრაობა აღდგენილია ყველა მიმართულებით. შეზღუდვები რჩება მხოლოდ ორთაჭალაში, გულუას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თბილისის სამაშველო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები დედაქალაქის ყველა უბანში ამ დრომდე მუშაობენ. ხდება ქუჩების ქვა-ღორღისგან გაწმენდა.
მერიის ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურებში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაზიანებულ შენობებს და ადგილებს შეისწავლის.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიადგა თბილისს. ქალაქის მთავრობისგან დაზარალებული ოჯახები დახმარებას მიიღებენ.
internet.ge