განათლებისა და მეცნიერიების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მთავარი უცხო ენა ინგლისური გახდა.
2012 წლის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა 17%-მა, 7%-მა არჩევანი გერმანულზე, 3%-მა კი, ფრანგულზე გააკეთა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შედეგი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებითაა განპირობებული.
„სულ რაღაც ორი წლის წინ ინგლისური ენა აბიტურიენტთა მხოლოდ 45%-მა აირჩია, ასევე 45%-მა არჩევანი რუსულ ენაზე გააკეთა და თანაფარდობა ერთი ერთზე იყო. ინგლისური ენის პოპულარიზაციის კუთხით ესოდენ დიდი წარმატება პირველ რიგში გამოიწვია პროგრამამ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”. ამ პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოვიდა საქართველოში ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. უცხოელმა მასწავლებლებმა ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ქართველ მოსწავლეებს ინგლისური ენა გაძლიერებულად შეასწავლეს, ისინი ასევე დაეხმარნენ ქართველ პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ინგლისური ენა დამკვიდრდა, როგორც მთავარი უცხო ენა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge