დღეს, პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ის შეხვდა.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს
პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უწმინდესის აღსაყდრების ოცდამეთხუთმეტე და დაბადების
80 წელთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელსაც დავით ბაქრაძე
უხელმძღვანელებს.
მათი ინფორმაციით, კომისია
აღსაყდრების წლისთავთან დაკავშირებით, დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ წელს უწმიდესი
და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსი ილია II-ის, აღსაყდრების 35-ე წლისთავი და დაბადებიდან 80 წელი
აღინიშნება.
ილია მეორე
(ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4
იანვარს ვლადიკავკაზში. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს
ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.
მღვდელ-მონოზონმა ილიამ
1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა
სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში
დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული
მოღვაწეობისთვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის
ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად
და დაინიშნა კათალიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი
იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის - იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო
სასწავლებლის _ პირველი რექტორი.
1967 წელს ეპისკოპოსი
ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის
ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის
გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს
არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს
მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს
ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).
Internet.ge