ჩისტიე პრუდის ბულვარზე გაშლილ ოპოზიციის ბანაკს
დაშლიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ მიიღო. ამით
სასამართლომ რამდენიმე რიგითი მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლებიც ბულვარის
მუდმივი თავშეყრის ადგილად ქცევის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
ბანაკის დაშლის მოლოდინში ოპოზიციონერები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, მაქსიმალური
რაოდენობით მოგროვდნენ აქციის ადგილზე. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კი კოლეგებს კარლ
მარქსის ძეგლთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა. თუმცა, სავარაუდოდ, მარქსის ძეგლის
სიახლოვეს მცხოვრები ისეთი ადამიანებიც გამოინახებიან, რომლებიც განაცხადებენ, რომ
ოპოზიციური თავყრილობა მათ დისკომფორტს უქმნის და მათ უფლებებს არღვევს. ასეთი
შინაარსის განცხადება მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ წარმომადგენელმა
რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ნინა ტოპოროვამ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები
ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უშლიან და ტერიტორიას აბინძურებენ.
ოპოზიციური ბანაკი ჩისტიე პრუდის ტერიტორიაზე გასული კვირიდან მოქმედებს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებს აქციის დაშლას, თუმცა არც ადგილობრივი
მოსახლეობის მოთხოვნების იგნორირებას დაუშვებს.
Internet.ge