საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის ავტო საგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან
ღამით მოხდა.
„ქ. ხობში პატრულირებისას, ხობის
რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა ქარდავა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042 შეჯახებული იყო იქვე
,რკინიგზის გადასარბენზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული თავად მამუკა ქარდავას, დაზიანებული იყო მისი ავტომობილიც. რადგან ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, ინსპექტორ გამომძიებელმა აღნიშნულის შესახებ 02:37 საათზე შეატყობინა ხობის რაიონულ სამმართველოს (აღნიშნული შეტყობინება საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას საქართველოს ს.ს.კ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით), რადგან ადგილი ჰქონდა მძღოლის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, მამუკა ქარდავას განემარტა, რომ მოხდებოდა ალკოჰოლური თრობის დადგენის მიზნით ალკოტესტით შემოწმება და მ. ქარდავა შემოწმებულ იქნა ალკოტესტით
- NST-E
05139, რომელმაც
დაადასტურა
ალკოჰოლის
მიღება.
დამატებითი
ანალიზებისათვის
მასალები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. რადგან მამუკა ქარდავას აწუხებდა ტკივილები, ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის მიერაც მამუკა ქარდავა გადაყვანილ იქნა ხობის რაიცენტრალურ საავადმყოფოში სადაც გაეწია პირველადი დახმარება და გაწერილ
იქნა საცხოვრებელ სახლში.
ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას, ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია. ცემის შესახებ მას არაფერი უთქვამს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ფორმალური დაკითხვა იმ ეტაპზე არ მომხდარა“,-
ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, იმავე დღეს „ქართული ოცნების“
ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ალასანიას პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი სადაც
„ქართული
ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელი ყვება, რომ მას მანქანაში ჩაუჯდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, განცახდების
გაკეთების შემდეგ პოლიციამ მამუკა ქარდავას, შესაბამისი უწყება გაუგზავნა და მისი დაკითხვა მოითხოვა.
„ქარდავა
ამ დრომდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით, დაკითხვაზე უარს აცხადებს. პოლიცია კონსულტაციას გადის მის მკურნალ ექიმებთან და ექიმების თანხმობის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ მოახდენს მის დაკითხვას. საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
Internet.ge