გუშინ, გვიან ღამით, ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად დაზარალებული მალხაზ ბიჭინაშვილის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ
სტაბილურია.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს რამდენიმე წუთის წინ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო
კლინიკიდან აცნობეს, ბიჭინაშვილი კვლავ
მართვითი სუნთქვის აპარატზეა.
„ინტენეტ.ჯი“-სთან
საუბრისას „ემერჯენსის“ მიმართულების
ხელმძღვანელი სოსო მაისურაძე ამბობს, რომ პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა
აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
„ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ 01:50 საათზე
შემოყვანილი იქნა პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრავმით.
კვლევისას აღენიშნებოდა ქალა ტვინის ტრავმა, ქალა ფუძის მოტეხილობა, ნეკნების
მრავლობითი მოტეხილობა, მარცხნივ მკერდის ძვლის დაზიანება, პნევმოთორაქსი.
გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი გადაყვანილია მართვით
სუნთქვაზე და იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. მიმდინარეობს ჰემოდინამიკური
პარამეტრების სტაბილიზაცია.
ამ დროისთვის პაციენტის
მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურია ასევე ემოდინამიკური პარამეტრებიც, თუმცა
მედიკამენტოზური და რესპირატორული მხარდაჭერის ფონზე."
შეგახსენებთ,
რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ,
დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. ლაგუნა
ვერესთან ქვეითად მოსიარულე ორ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც „მე-9
არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე მართავდა. რუხაძესთან ერთად
ავტომობილში მისი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და ორი ჟურნალისტი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ თამარ რუხაძე
ავტომობილს ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
Internet.ge