ეროვნულ გამოცდებზე, გასულ წელთან შედარებით, ორჯერ მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი დარეგისტრირდა
2012 წლის
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 2011 წელთან შედარებით, ორჯერ მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს,
ახალ პროგრამაზე არჩევანი ათასობით აბიტურიენტმა გააკეთა, მაშინ,
როდესაც პროექტის
დასაწყისში მხოლოდ 3-4 მსურველი იყო.
„ახალი პროექტით, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი
და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით
ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე
(აზერბაიჯანულად და სომხურად) ჩააბარებენ და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე
ჩაირიცხებიან. ერთი წლის განმავლობაში ეს სტუდენტები ინტენსიურად შეისწავლიან ქართულ ენას და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე, უკვე
უმაღლესი განათლების მისაღებად გააგრძელებენ სწავლას“,-
აცხადებენ სამინისტროში.
ახალი პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის
მიერ არის ინიცირებული და მასში ჩართული არაქართულენოვანი აბიტურიენტების
რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
რაონებში ქართული ენის სახლები იხსნება, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები
მთელი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს
აწარმოებდნენ და იმ პროექტებს აცნობდნენ, რომელსაც საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო მათი სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების
ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ენაზე
უმაღლესი განათლების მიღება, ბევრად უმარტივებს არაქართულენოვან მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში
წარმატებული კარიერის შექმნას. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად
იზრდება მომავალი თაობის ინტერესი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ერთიანი ეროვნული
გამოცდები ქართულ ენაზე ჩააბარონ“,- ნათქვამია სამინისტროს
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge