აფხაზეთში, ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით, პარლამენტი განცხადებას მიიღებს
საქართველოს პარლამენტი, ოკუპირებულ აფხაზეთში, ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით, დღეს განცხადებას მიიღებს.
პარლამენტის მიერ შემუშავებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში - მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე, მიმდინარე უკანონო სამუშაოებთან დაკავშირებით.
“აღნიშნული სამუშაოების გამო, შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ზიანი ადგება. მსგავსმა „რესტავრაციამ“ უკვე გამოიწვია - ქართული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლის, ილორის წმ. გიორგის მონასტრის დაზიანება და მასზე, ქართული კვალის წაშლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართული მხარე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას კატეგორიულად მოსთხოვოს - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, მიმდინარე უკანონო სამუშაოები შეწყდეს და რეგიონში, იუნესკოსა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები დაუშვან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ალექსანდრე ანქვაბი ქართული კულტურული ძეგლებისთვის - ბედიის, მოქვისა და სხვა ტაძრებისთვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
Internet.ge