ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის საქართველოში ვიზიტი დასრულებულია. ჰილარი კლინტონი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის წინ გაფრინდა.
კლინტონი ტრაპამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ
იაკობაშვილმა და ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა მიაცილეს.
კავკასიური
ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი ბათუმიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება, ბაქოდან კი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.
ამერიკის
სახელმწიფო
მდივნის ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ჰილარი კლინტონისა და დელეგაციის წევრებისთვის პიაცაზე კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ცნობილმა საოპერო მომღერალმა თეონა დვალმა, ნიკა რაჭველის აკომპანიმენტით, რამდენიმე არია შეასრულა. სტუმრებისთვის იმღერა სოფო ნიჟარაძემაც.
კონცერტზე
საკუთარი პროგრამით წარსდგა ნაციონალური ბალეტი. ჰილარი კლინტონის განსაკუთრებული აღფრთოვანება სწორედ „სუხიშვილებმა“ გამოიწვია. კონცერტს ოფიციალური დელეგაციის წევრების გარდა, ის ამერიკელი პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოში პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში იმყოფებიან. მათ სახელმწიფო მდივანი კონცერტის დასრულების შემდეგ სათითაოდ გაესაუბრა.
პიაცაზე
გამართული
კონცერტის
დასრულების
შემდეგ, ჰილარი კლინტონმა ღამის ბათუმი დაათვალიერა. ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში სეირნობისას მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო მდივანსა და ამერიკული დელეგაციის წევრებს ქალაქის ღირსშესანიშნაობები
დაათვალიერებინა.
სახელმწიფო
მდივანი ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა ძველ ბათუმსა და ნიუ ორლეანს შორის მსგავსებაზე ისაუბრა. მან სტუმარს ის მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო, რომელიც ბათუმში უკვე განხორციელდა და სამომავლოდაა დაგეგმილი.
მიხეილ
სააკაშვილი
ჰილარი კლინტონს საქართველოში ბოლო წლებში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის სიახლეებზე და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზეც ესაუბრა. პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ბულვარში გაისეირნეს და ალი და ნინოს ქანდაკება და ანბანის კოშკიც მოინახულეს.
პიაცაზე
გამართულ კონცერტამდე კი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ქედაში უმასპინძლეს. ჰილარი კლინტონი ქედაში, ღვინის სახლში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრა და იქ საქართველოს პირველ ლედისაც შეხვდა. გზაზე სტუმარს ადგილობრივები ხვდებოდნენ.
მიხეილ
სააკაშვილმა
ჰილარი კლინტონს ღვინის მარანი და საწნახელი დაათვალიერებინა.
სახელმწიფო
მდივანმა ქართული ღვინოც დააგემოვნა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია პირადად პრეზიდენტისგან მიიღო.
ოფიციალურ
სადილზე, მაღალი რანგის სტუმრებისთვის, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი უკრავდა, რომელმაც ჰილარი კლინტონის აღფრთოვანება გამოიწვია. ბუნიათიშვილთან ერთად ერთი კომპოზიცია შეასრულა სანდრა ელისაბედ რულოვსმაც. სტუმრების პატივსაცემად რამდენიმე ნაწარმოები შეასრულეს პატარა ვირტუოზებმა - ბარბარა თათარაძემ და ილია ლომაძემ.
საკუთარი
შთაბეჭდილებები
ჰილარი კლინტონმა სტუმართა წიგნში ჩაწერა. მხარეებმა სადილზე ქართულ-ამერიკულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
internet.ge