კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში მონაწილეობის სურვილი ამ დრომდე 537–მა კანდიდატმა გამოთქვა. კონკურსანტების განაცხადების მიღება კი, დღეს დასრულდება.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირება ზოგად უნარ–ჩვევებში, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ჩაუტარდათ. ისინი საკუთარ შედეგებს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსანტებთან მოხდება გასაუბრება და შემდგომ ისინი ცენტრების გამართული მუშაობისთვის ორკვირიან ტრენინგს გაივლიან.
კომპიუტერულ ცენტრებში მომავალი თანამშრომლები გადამზადებას გაივლიან: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისისა და რეგიონების ტერიტორიულ სამსახურებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისებში, ბანკებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ფოსტაში. კონკურსის მონაწილეები ტესტირების დროს აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
ღია კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი უფასოდ მიიღებენ კომპიუტერს, ისარგებლებენ უსასყიდლო ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში, გაივლიან სპეციალურ ტრენინგს. შემდეგ კი ისინი თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან. არსებული რესურსების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება.
Internet.ge