ელექტრონული
ბიბლიოთეკის
შექმნაში, დღეიდან
„განრიდებისა
და მედიაციის” პროექტში ჩართული არასრულწლოვნებიც
მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში
E-Book პროგრამის
პრეზენტაციაზე
განაცხადეს.
ელექტრონული
წიგნის პრეზენტაცია სამინისტროში დღეს გაიმართა. პროგრამის მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა და Lib.ge-ს წარმომადგენელმა ისაუბრეს.
„ელექტრონული წიგნის პროგრამა საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობის ერთ-ერთი საინტერესო სახეა. პროგრამის ფარგლებში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს დაევალებათ მათთვის სპეციალურად შერჩეული წიგნის ელექტრონული ვერსიის შექმნა. წიგნის შერჩევა მოხდება არასრულწლოვნის განვითარების დონისა და მისი რეაბილიტაციის საჭიროებიდან გამომდინარე.
პროგრამა
სასარგებლოა, როგორც მასში მონაწილე ახალგაზრდებისათვის, ისე საზოგადოებისათვის,
რადგან პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა ერთდროულად კითხულობს წიგნს, სწავლობს კომპიუტერთან მუშაობას და საზოგადოებისათვის
ქმნის ელექტრონულ ლიტერატურას“,-
აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
არასრულწლოვანთა
განრიდებისა
და მედიაციის პროექტს იუსტიციის სამინისტრო 2009
წლის ბოლოდან ახორციელებს. განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა
პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, იგი განარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ასეთი გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და არასრულწლოვნის საქმეს მას გადასცემს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის შეფასება-დახასიათებას, რის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე
და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას.
მხარეებთან
შეთანხმებით
დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი,
მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი.
სამოქალაქო
ხელშეკრულების
თანახმად,
არასრულწლოვანს
დაეკისრება
მოვალეობები
დაზარალებულის
ან საზოგადოების წინაშე. საქმე სრულდება არასრულწლოვნის ნასამართლეობისა
და სასჯელაღსრულებით
დაწესებულებაში
მოხვედრის
გარეშე.
ელექტრონული
წიგნის პროგრამა იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული არქივისა და Lib.ge-ს მიერ ერთობლივად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
Internet.ge