სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს დღეს, გლდანის №8 და №18 დაწესებულებების საზოგადოებრივ მისაღებში არსებული სერვისები და სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერებინა.
ევროკავშირის ელჩი საზოგადოებრივი მისაღების დათვალიერების შემდეგ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს და სამედიცინო სერვისებს გაეცნო.
მინისტრის თქმით, საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნასა და პროცედურული საკითხების გამარტივებასთან ერთად მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური კადრები ემსახურებიან და მათ სწრაფ, სრულყოფილ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობენ.
„ევროკავშირი არის სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ბევრი პრობლემა საჭიროებს ჯერ კიდევ მოგვარებას, სწორედ ამისკენაა მიმართული სამინისტროს ძალისხმევა და ევროპული სტანდარტების დანერგვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება“,- აღნიშნა ხათუნა კალმახელიძემ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა ამჯერად ქსნის №15 დაწესებულებასთან მიმდინარეობს, ეტაპობრივად კი საზოგადოებრივი მისაღები სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.
Internet.ge