კამჩატკის მცხოვრებმა
ოლგა კუკლინამ განაცხადა, რომ მის ავტომობილს პრემიერ დიმიტრი მედვედევის კორტეჟის
ავტომანქანა დაეჯახა, რა დროსაც ის და მისი მცირეწლოვანი შვილი ძლივს გადაურჩნენ
სიკვდილს.
როგორც გაზეთ
„აიფ-კამჩატკას“ კუკლინამ უამბო, 4 ივლისს, ის თავად იჯდა „ტოიოტა ლენდ-კრუზერის“
საჭესთან და 6 თვის შვილთან ერთად შინ - სოფელ პარატუნკუში ბრუნდებოდა.
უეცრად გზაზე
საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტოისნპექციის მანქანა გამოჩნდა. ქალმა
თავისი მანქანა გზის კიდეზე მიაყენა და გაჩერდა. რამდენიმე წამში კი კორტეჟის
შემადგენლობაში მოძრავმა „ტოიოტა ხაისმა“ მოულოდნელად მოუხვია, მის ავტომანქანას
შეეჯახა და „გაფრინდა“.
ამის შემდეგ, როგორც
კუკლინა ყვება, მის მანქანასთან პოლიციელები მივიდნენ და დაუწყეს მტკიცება, რომ
ავარია მისი ბრალი იყო.
კუკლინას „ლენდ-კრუზერში“,
როგორც გაირკვა, ვიდეორეგისტრატორი იყო დამონტაჟებული, რომელმაც ყველაფერი გადაიღო.
სწორედ ვიდეორეგისტრატორის წყალობით კუკლინამ მოახერხა დამტკიცება, რომ ავარია
მისი ბრალი არ ყოფილა. ზარალი მას 319 ათას რუბლად შეუფასეს. 120 ათასი სადაზღვევო
კომპანიამ გადაუხადა, თუმცა დანარჩენის ამოღება სასამართლოს ძალით მოუწევს.
პოლიციის სამხარეო
მონაცემებში მედვედევის კორტეჟის მონაწილეობით ავარიის შესახებ ცნობა არ
ფიქსირდება.
Internet.ge