სოსო ცინცაძე: "ქართული ოცნების" დაშლა გარდაუვალია, რაც ივანიშვილისთვის კატასტროფა იქნება
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა
გაახმოვანა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ დაშლის შესახებ.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის დაშლა ნორმალურიც იქნება,
რადგან გაერთიანებაში რამდენიმე პარტიაა.
„ჩვენ კოალიცია ვართ, რომელიც პარტიებისგან შედგება და ამიტომაც ეს
ნორმალური პროცესია, ამის შესაძლებლობა არსებობს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას
აცხადებს, რომ კოალიციის დაშლა გარდაუვალია
და ეს იქნება ივანიშვილისთვის კატასტროფა.
- ბიძინა ივანიშვილმა
განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალოს.
მოსალოდნელია პროცესების ამ კუთხით განვითარება?
სოსო ცინცაძე,
პოლიტოლოგი: ბიძინა ივანიშვილმა ახლა თქვა, რომ შეიძლება
დაიშალოს კოალიცია, თუმცა მან მშვენივრად იცის 100%-იანი გარანტიით, რომ „ქართული
ოცნება“ დაიშლება. შესაძლოა ეს ერთ თვეში არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად დაიშლება.
- როგორ აისახება ეს
ფაქტი კოალიციის ცალკეულ პარტიებზე?
- თვითონ ბიძინა ივანიშვილის
გეგმებისა და მისი ოცნებებისთვის ეს კატასტროფა იქნება. პირადული თვალსაზრისით, ეს
იქნება კატასტროფა, რადგან მისი პროექტი „ქართული ოცნება“ ჩავარდება და ამით
დასრულდება ეს ამბები.
- რა ბედი ელით კოალიციაში
შემავალ პარტიებს?
- რაც შეეხება კოალიციის
ცალკეულ პარტიებს. სამწუხაროდ, ჩვენთან პარლამენტარობა ბევრ ცდუნებასთან არის
დაკავშირებული. თვითონ კოალიციისთვის ეს ძალიან ცუდი იქნება, თუმცა პიროვნულად
შეუძლიათ აიწყონ კარიერა.
- თუკი კოალიცია
დაიშლება, ვინ იზრუნებს „ქართული ოცნების“ ახდენაზე?
- თუნდაც არ დაიშალოს,
ოცნება, ოცნებად დარჩება. ვერაფერს ეგენი ვერ გააკეთებენ. დაპირების შესრულება?
ყველა დებს პირობას დღეს. რა სჭირდება დაპირების შესრულებას? უმრავლესობაში
მოსვლა, დანარჩენი ლირიკაა ყველაფერი. უმრავლესობაში მოსვლის შანსი კი ივანიშვილს
ძალიან ნაკლები აქვს. შესაბამისად, დაპირებების შეუსრულებლობას ახლავე უნდა
შეეგუონ.
ამავე საკითზე კომენტარისთვის „ინტერნეტ.ჯი“ პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძეს
დაუკავშირდა.
პოლიტოლოგი კოალიციის დაშლას არ გამორიცხავს, თუმცა ამაში პრობლემას
ვერ ხედავს.
მისი თქმით, მსოფლიო პარლამენტარიზმის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს
არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნება. რაც შეეხება კოალიციის
დაშლის მიზეზს, პოლიტოლოგს უჭირს მიზეზის
დასახელება.
„თუკი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშლება, ამაში დიდი უბედურება
არაფერი იქნება. რთულია იმის თქმა, ვინ შეიძლება იყო ინიციატორი კოალიციის დაშლის,
ვინაიდან, ოქტომბერში ისეთი პროცესებია მოსალოდნელი, ამაზე დღეს ვერავინ
ისაუბრებს. მთავარია რა შედეგით მოვა ეს კოალიცია პარლამენტში და როგორი იქნება
მათი გუნება-განწყობა ორ ოქტომბერს“ - ამბობს პოლიტოლოგი.
internet.ge