„ქართუ ბანკს“ 27 კგ. ოქროს მითვისებისთვის სასამართლში უჩივიან
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკის
ირგვლივ კვლავ სკანდალია. ამჯერად "ქართუ ბანკს" 27 კგ ოქროს მითვისებაში ადანაშაულებენ. მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძე
ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას
პირადად არ ხვდება, ამიტომ ბიზნესმენს საჯარო წერილებით ესაუბრება.
–
ბატონო კახა მოდით თავიდან დავიწყოთ, რა მოხდა 10 წლის წინ ? როგორც ვიცი, 2002
წელს თქვენსა და ბანკ
"ქართუს" შორის
გირავნობის ხელშეკრულება
გაფორმდა.
– ათი წლის წინ სალომბარდო ბიზნესში ჩართვა გადავწყვიტე, "ქართუს" ლომბარდში ოქრო შემქონდა, ბანკი კი თანხას მიხდიდა. ზუსტად ერთი
წლის შემდეგ, 2003 წელს, ჩემს მიერ შეტანილი ოქრო დაიკარგა. საქმე ფინანსურ
პოლიციასა და პროკურატურაში აღიძრა. სამართალდამცავებმა დაზარალებულად მცნეს,
მაგრამ დამნაშავეთა დაუდგენლობის მოტივით საქმე მალევე დაიხურა.
–
საქმის დახურვის შემდეგ საჩივრის ხელმეორედ შეტანა ახალი გარემოებებით ხომ არ იყო
განპირობებული?
- ჩემმა ადვოკატებმა მირჩიეს, რომ ბანკისთვის დამეკისრებინა აღნიშნული თანხის გადახდა, ამიტომ 2005 წელს უზენაეს
სასამართლოში სარჩელი შევიტანე. 2008 წლის 13 ივნისს სასამართლომ
ბანკ
"ქართუს" 266 585 აშშ დოლარის 5 დღეში გადახდა დაეკისრა, მაგრამ რამდენიმე დღეში
გამოჩნდა ბანკის ორი თანამშრომელი, ვინმე ფურცხვანიძე და მიქაბერიძე, რომლებმაც
აღიარეს, საკუთარი ბანკი თვითონვე გავძარცვეთო, თან თურმე ჩემი თანამონაწილეობით
და 27 კგ ოქროდან მე 40% დამიტოვეს, დანარჩენი კი მიითვისეს. აღნიშნული პირები დააკავეს კიდეც, მაგრამ
მალევე საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.
– ჩვენი ინფორმაციით
თქვენს მიერ ნახსენები გიორგი მიქაბერიძე დღემდე "ქართუ ბანკის" თანამშრომელია,
თქვენი აზრით, იყო თუ არა თქვენი შემთხვევა ბანკის მხრიდან განხორციელებული აფიორა?
- ფურცხვანიძე ბიზნესში წავიდა, მიქელაძე ბათუმში მაღალ თანამდებობაზე
დანიშნეს, სულ ახლახან კი "ბანკი ქართუს" საბურთალოს ფილიალი ჩააბარეს. იყო თუ
არა ეს აფიორა, ამის გარკვევას სასამართლოში შევეცდები. თქვენ თვითონ დაფიქრდით,
თუ მე დანაშაულის თანამომაწილეობა მბრალდებოდა დაუსჯელი რატომ დავრჩი, ან რატომ
დააწინაურეს საკუთარი ბანკის მძარცველი?
– როგორც ჩანს ბანკის
წინააღმდეგ ჩივილს აპირებთ...
– მანამდე არ მოვისვენებ, სანამ კუთვნილ თანხას არ დავიბრუნებ, ხვალვე
მივმართავ შსს–ს ფინანსურ დეპარტამენტს, პრეზიდენტს და სხვა სახელმწიფო თუ
არასახელმწიფო ინსტიტუტს. რადგან მეც მაწუხებენ მევალეები, რომლებისგანაც საქმის
წამოსაწყებად ოქრო ავიღე. გავყიდე კუთვნილი სახლი და ახლა 6 სულიანი ოჯახი ქირით
ვცხოვრობთ.
– თუ არის საქმის
კურსში ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი?
– ნოდარ ჯავახიშვილს აღნიშნულის შესახებ პირისპირ ვესაუბრე. მაგრამ მე
მას ვერაფერს მოვთხოვ, რადგან ჩემი საქმის დროს ის ბანკს არ ხელმძვანელობდა.
კეთილი ნება ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოიჩინოს.
- ბატონო კახა, არ
გიცდიათ ივანიშვილისთვის ეს პრობლემა გეცნობინებინათ?
– მასთან შეხვედრა არაერთხელ ვცადე, როგორც ჩანს, ოლიგარქთან მოხვედრა
არც თუ ისე ადვილია, ვიყავი მის რეზიდენციასთან, მაგრამ არავინ მომისმინა. ჭორვილაში
წერილის გადაცემაც ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ საჯარო წერილებით შევეცადე მის
ყურამდე მიმეტანა ჩემი გასაჭირი, მაგრამ ჩემს ქმედებას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.
– თქვენი განცხადება
პოლიტიკოს ივანიშვილს და საერთოდ „ქართუ
ბანკს“ სერიოზულ დარტყმას აყენებს, ბევრმა ამ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან
შეკვეთილიც შეიძლება უწოდოს..
– პოლიტიკასთან
არასდროს მქონია სერთო, მეტიც არჩევნებზე ბოლოს 90– იან წლებში ვიყავი. მე ერთი
უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც სამართალს ითხოვს."
„ინტერნეტ.ჯი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად კოალიცია „ქართული
ოცნების“ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს
დაუკავშირდა.
– ქალბატონო მაია,
მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძე "ქართუ ბანკს" 27 კგ ოქროს მითვისებაში
ადანაშაულებს. თუ ფლობს ბატონი ბიძინა ამ ინფორმაციას?
- ბიძინა ივანიშვილის სახელზე მსგავსი მოთხოვნა, არ შემოსულა,
ოფიციალურ განცხადებას ვგულისხმობ."
„ქართუ ბანკის“ ამჟამინდელი პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი კი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი უზენაესი სასამართლოს დონეზე
გადაწყდა და ის ვერაფერს შეცვლის.
internet.ge