მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა
მოსკოვში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, მინდია გულუამ "პრესა.ჯი"-ს დაუდასტურა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა კანდიდატმა მას ე.წ. კანონიერი ქურდები მიუგზავნა. მეტიც, გულუამ განაცხადა, რომ "ქურდული სხადნიაკი" იმ ქალაქში ჩატარდა, სადაც იმ დროს კახა კალაძე იმყოფებოდა. ბიზნესმენის თქმით, იმ "ქურდულ სხადნიაკზე" გადაწყდა, რომ მისთვის მოსკოვში მცხოვრები ე.წ. ქურდები მიეგზავნათ... რატომ მიუგზავნეს გულუას კრიმინალური ავტორიტეტები, რა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეს ე.წ. "ქურდულ სხადნიაკთან", ამას მინდია გულუასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ...
„პრესა.ჯი“: შალვა ნათელაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ კახა კალაძე შეხვდა ე.წ კანონიერ ქურდებს კანში. ამ შეხვედრის შემდეგ კი, ეს ე.წ. კანონიერი ქურდები თქვენ დაგიკავშირდნენ, რათა „ქართული ოცნებისთვის“ თანხა „შეგეწირათ“. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
მინდია გულუა: მე არ ვიცნობ პირადად კახა კალაძეს და მასთან არაფერი საქმე არ მაქვს. თუმცა, როდესაც საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე, რომ კახა კალაძე იმყოფებოდა მილანში და მან ე.წ. კანონიერი ქურდები შეკრიბა, დავინტერესდი, ვინაიდან იქ ჩემი გვარიც გაჟღერდა.
შემდეგ, იმ ქალაქში გავგზავნე ჩემი წარმომადგენლები... მათ კი დაადგინეს, რომ იმ დღეს, რაზეც მედია-საშუალებით იყო საუბარი, კახა კალაძე არ იმყოფებოდა მილანში. კალაძე იმ დროს იყო კანში. მეტიც, ეს ე.წ „ქურდული სხადნიაკი“ ჩატარდა არა მილანში, არამედ - ქალაქ კანში.
ესწრებოდა თუ არა, კახა კალაძე შეკრებას, მე ამას არ ვიტყვი, რადგან იურისტი ვარ და ზუსტი მტკიცებულება თუ არ მექნება, ბუნებრვია, მაშინ ამ განცხადებაზე პასუხი უნდა ვაგო.
- თქვენთან თუ იყვნენ მოსულები ე.წ. კანონიერი ქურდები?
- უნდა დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდები მე მართლაც გამომიგზავნეს მოსკოვში. ხოლო, ვინც ეს ე.წ. კანონიერი ქურდები გამომიგზავნა, ის საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატია.
გეტყვით... მათი მიზანი და მოთხოვნა იყო, რომ არჩევნებში ჩემს პარტიას მონაწილეობა არ მიეღო. ფულის მოთხოვნის საკითხი არ იდგა აქ. მთხოვდნენ, რომ ჩემ პოლიტიკურ პარტიას მოეხსნა კანდიდატურა არჩევნებში და თავი დაგვენებებინა საარჩევნო კამპანიისთვის. ეს იყო პირველი მოთხოვნა, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე.
- ვინ იყო თქვენთან მოსული?
- ვინც იყო ჩემთან მოსული, ის უკვე იძებნება. მე დავწერე განცხადება ფედერალურ სტრუქტურაში, რადგან პოლიტიკოსი ვარ... ჩემთვის ქურდული და მსგავსი ბანდიტური რაღაცები მიუღებელია. ამიტომ ამის შესახებ დავწერე განცხადება. როგორც ვიცი, მათ უახლოეს დღეებში დაიჭერენ...
მე დაცვის სამსახური მიცავს, ჩემი გადაადგილება შეზღუდულია თავიდან ბოლომდე, რადგან სერიოზული საფრთხე შემიქმნეს. იყო ძალიან ცუდი საუბარიც და ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩავაყენე საქმის კურსში სამართალდამცავები. მათი სიტყვები - იმას გიზამთ, ამას გიზამთ, ჩემზე არ მოქმედებს. ომი მაქვს გამოვლილი და ვიღაც ე.წ. ქურდების რომ მეშინოდეს, პოლიტიკაში არ წავიდოდი.
- ფიზიკური ლიკვიდაციით დაგემუქრნენ?
- ჩემი ბიზნესი დაცულია ყველანაირად. თუმცა, ფიზიკური განადგურებისგან ცხოვრებაში არავინაა დაცული. ამის გამო იძულებული გავხდი ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც ამეყვანა დაცვა. ორ წევრზე მაქვს საუბარი, დანარჩენები კი, თბილისში არიან.
- როცა ე.წ. ქურდები მოგიგზავნეს, მოგზავნილებმა წარგიდგინეს თავი? გითხრეს ვისი დავალებით მოვიდნენ?
- ახლა ამის თქმის უფლება არ მაქვს. ეს მხოლოდ იმ კანდიდატმა იცის, ვინც არის თბილისში და ვინც ისინი გამომიგზავნა. სამართალდამცავები ამას გამოიძიებენ... ადამიანი მაშინ არის დამნაშავე, როცა სასამართლო იქნება და მას გამოუტანენ განაჩენს. მაშინ გაირკვევა ყველაფერი. ეტყობა ვერ გათვალეს სად შეტოპეს და ვისთან მოვიდნენ...
- თქვენი აზრით, რატომ სურს ბიძინა ივანიშვილს თქვენი პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორება, კონკურენტად გთვლით?
- მე არ დამიზუსტებია და არ მითქვამს, რომ ეს ადამიანი იყო ბიძინა ივანიშვილი. სადმე ვახსენე „ქართული ოცნება“ ან ბიძინა ივანიშვილი?
- არ გიხსენებიათ, თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბარი დავიწყეთ კახა კალაძის შეხვედრით ე.წ კანონიერ ქურდებთან კანში. თქვით, რომ გადაამოწმეთ მედიით გავრცელებული ინფორმაცია. ლოგიკურად კი, თუ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ „სხადნიაკისა“ და მოგზავნილების შესახებ ადასტურებთ, რთული გამოსაცნობი არ არის ვისი დავალებით მოქმედებს კახა კალაძე ან თქვენ რომელ „თბილისელ კანდიდატზე“ საუბრობთ...
- კახა კალაძე რომ იყო კანში და ე.წ სხადნიაკიც იქ შედგა, ეს დამიდასტურა ჩემი დაცვის სამსახურმაც. რა ხდებოდა ე.წ სხადნიაკზე და ვინ სად გააგზავნეს, ამის შესახებ უნდა ჰკითხოთ პირადად კალაძეს. უბრალოდ, მინდა გავაფრთხილო ისინი ვინც ქართულ პოლიტიკაში მოდიან, რომ ქურდულად და ბანდიტურად საქმე არ წყდება.
- თქვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ გაახმოვანეთ ქართულ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი. მანამდე თუ ყოფილა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციისგან ან ცალკეული პოლიტიკური ლიდერისგან თხოვნა ან მოთხოვნა, რომ ჩამოშორებოდით პოლიტიკას?
- არა, მსგავსი რამ არასდროს ყოფილა.
- ...შემდეგ კი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ჩამოყალიბდა კოალიცია „ქართული ოცნება“. არ ფიქრობთ, რომ თუკი მანამდე ხელის შემშლელი არავისთვის იყავით და არც არავინ მოუგზავნიათ თქვენთან, შესაძლოა ამ ყველაფრის უკან სწორედ ახლადგამოჩენილი პოლიტიკური ძალა იდგეს?
- მე ვიცი ვინც არის ავტორი ამ შეხვედრისა. ვინ ესწრებოდა შეხვედრას, სიის მიხედვით ვიცი ყველაფერი, მაგრამ ახლა არ შემიძლია ისინი დავასახელო. ერთი მიზეზის გამო. მე რომ ახლა დავასახელო ივანიშვილი, პეტრიაშვილი ან ვინმე სხვა, მაშინ იურიდიულად უნდა ვაგო პასუხი. თორემ დიახ, ვიცი ვინ იყვნენ მოსულები და ვისი სახელითაც იყვნენ ჩემთან. დაიჭერენ იმ ადამიანებს, ვინც ახლა იძებნება და გაირკვევა ყველაფერი.
- კანში გამართული ე.წ. სხადნიაკის მონაწილეები იყვნენ თქვენთან მოსულები?
- არა, მათი დავალებით იყვნენ მოსულები. მათი ე.წ კოლეგები, რომლებიც იმყოფებოდნენ მოსკოვში. და ბოლოს, მინდა ერთი რაღაც ვთქვა. მინდა ვუსურვო საქართველოს 2012 წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და არ მინდა იყოს არეულობა. მინდა წარმატებული ქვეყანა იყოს საქართველო, ხოლო ქართველი ხალხი - ბედნიერი.
internet.ge