ლალი მოროშკინა: პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ, მე და სააკაშვილი ისევ ვიმეგობრებთ
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა კოალიცია
„ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, თუმცა აკრიტიკებს. მოროშკინა ამბობს, რომ „ქართული
ოცნების“ აქციებზე დადის, თუმცა არ არის კოალიციის წევრი. ჟურნალისტის
განცხადებით, მას ბევრი მეგობარი ჰყავს ოცნებაში, ისევე როგორც ხელისუფლებაში, რომელთაც
რჩევებს ხშირად აძლევს. „ინტერნეტ.ჯი“ ლალი მოროშკინას „ქართულ ოცნებასა“ და მის
პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა.
- თქვენ იყავით „ქართული
ოცნების“ აქციაზე გორში, „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს?
- დიახ, ვიყავი და მე ვარ მათი მხარდამჭერი, თუმცა არა აქტივისტი. მე
არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. ვარ ჟურნალისტი და როცა ჟურნალისტი
მხარე ხდება, ეს უკვე ნეგატიური მოვლენაა მის კარიერაში.
- თუმცა აშკარა
გამოხატული პოლიტიკური სიმპათია და პოზიცია უკვე ნიშნავს, რომ ხართ მხარე...
- არ ნიშნავს. მე ხშირად დავდივარ აქციაზე, ვარ მხარდამჭერი „ქართული
ოცნების“ მაგრამ არა წევრი.
- თუმცა თქვენ
აკრიტიკებდით „რესპუბლიკელებს“...
- დიახ, ვაკრიტიკებდი. მიმაჩნია, რომ ამ პარტიას კოალიციისთვის
რეიტინგი არ მოაქვს. ყოველთვის ვაკრიტიკებ
იმას, რაც არ მომწონს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში და ყველგან, უნდა ურჩიო
ადამიანებს ის, რაც მათთვის სასარგებლოა. უნდა
გააკრიტიკო, შენიშვნა მისცე და არა პირიქით, რომ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ტკბილი
სიტყვები უთხრა. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებაში“ არიან ჩემი მეგობრები, რომელთაც
პირდაპირ ვეუბნები ყველაფერს.
- თქვენი მეგობარი იყო
მიხეილ სააკაშვილიც...
- დიახ, ჩვენ მეგობრები ვიყავით და ვფიქრობ, პრეზიდენტი რომ აღარ
იქნება, ისევ ვიმეგობრებთ. უბრალოდ ახლა არ ვეთანხმები მის პოლიტიკურ კურსს.
- თქვე აღნიშნეთ, რომ გაქვთ შენიშვნები და „ქართულ
ოცნებაში“ მყოფ თქვენს მეგობრებს აძლევთ რჩევებს. რა არ მოგწონთ კოალიციის მუშაობაში?
- მაგალითად ის, რომ არაკოორდინირებულია მუშაობა. გარდა ამისა, არ მომწონს კონფლიქტურ რეგიონებთან მიდგომა, ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ შენი განცხადებებით
არც ერთი მხარე არ უნდა გააღიზიანო. მე როგორც მაქსიმალისტი ვთვლი, რომ თუ მოდიხარ
პოლიტიკაში, უნდა მოხვიდე პირველი ადგილისთვის. როგორც თავის დროზე გააკეთა
სააკაშვილმა. ივანიშვილის ვარაუდი წაგებაზე არასწორია. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ოპოზიციურ
პარტიას პირველობის ამბიცია უნდა ჰქონდეს. თუკი ამბობ, რომ შეიძლება პირველი
ადგილი ვერ აიღო, შენ უკვე წაგებული გაქვს თამაში.
- აპირებთ თუ არა პოლიტიკურ
აქტივობას?
- ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ აქტიურად ჩავერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში.
თუმცა აქტიურად ვაკვირდები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნაბიჯებს. პოლიტიკაში ვარ
ჩართული ჩემი წიგნებით. ჩემს წიგნებში დიდი ადგილი უჭირავს პოლიტიკას, იმდენად,
რომ პენიტენციალურ სისტემაში აკრძალეს კიდეც შეტანა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ფორმით ვარ
ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.
Internet.ge