ლაშა თევზაძეს, მამა ავღანეთის ომში დაეღუპა, მაშინ წლინახევრის იყო. დედამ მარტომ გაზარდა. შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მუშაობა ისე დაიწყო, მისთვის არ უთქვამს, რადგან იცოდა, დედა ამის წინააღმდეგი იქნებოდა. 2008 წელს, 24 წლის ლაშა თევზაძე რუსეთ-საქართველოს ომში წავიდა, უკან არ დაბრუნებულა.
ლაშა თევზაძეს არც იმის შესახებ უთქვამს ოჯახისთვის, რომ ომში მიდიოდა, შინ 4 თვის საბა და მეუღლე დატოვა. ლიანა რომელაშვილი იხსენებს, რომ ბოლოს მეუღლეს 7 აგვისტოს, 12 საათზე ესაუბრა და მაშინ შეიტყო, რომ იგი ცხინვალში აპირებდა შესვლას. ეს მათი ბოლო საუბარი იყო. მას შემდეგ ლაშა თევზაძის მობილური ტელეფონი გაითიშა.
ლიანა რომელაშვილი, ლაშა თევზაძის მეუღლე: "ცხინვალიდან უკან დახევის ბრძანება რომ გაიცა, ლაშა თავის ეკიპაჟთან ერთად "კობრით" გადაადგილდებოდა. გაიგეს, რომ 17 ბიჭი იყო ჩარჩენილი ერთ-ერთ ქუჩაზე და გამოსაყვანად შევიდნენ. ბიჭები რომ გამოჰყავდათ მათ ავტომანქანას ჭურვი მოხვდა და დაზიანდა, გადაადგილება ვეღარ შეძლეს. როგორც ვიცი, იქიდან გადმოვიდნენ და ერთ-ერთ ბინას შეაფარეს თავი.
ამის შემდეგ არანაირი ინფორმაცია აღარ გვაქვს. დაკარგულად ითვლებოდა. ჩემს მეუღლესთან ერთად ხუთი თანამებრძოლი ჩარჩა მაშინ ცხინვალში. 6 თვის შემდეგ მოვიდა დნმ-ის ანალიზის პასუხი - მუხათგვერდის სასაფალაოზე დაკრძალულთა შორის, ერთ-ერთი ჩემი მეუღლე იყო. ჩემი ძმაც ლაშასთან ერთად იბრძოდა. მისგან გავიგე, რომ ის დარჩა ცხინვალში... 21 წლის ვიყავი როცა ომში წავიდა. ჩვენი შვილი მაშინ 4 თვის იყო.
ლაშა ძალიან თბილი ადამიანი იყო, მოსიყვარულე. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, თითქოს ყველაფერი ეჩქარებოდა, ოჯახის შექმნა სექტემბერში გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნით ივლისში გავყევი. სამსახურის მიმართ საოცარი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამმართველოში, სადაც ლაშა მუშაობდა მე ვმუშაობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგვეხმარა. ყველანაირად ცდილობენ ყურადღება არ მოგვაკლონ."
ლაშა თევზაძის დედას იმედი აქვს, რომ ლაშა შეიძლება ცოცხალი იყოს. მას შვილის ცხედარი არ უნახავს. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის, მარატ კულახმეტოვისგან იცის, რომ მისი შვილი, ხუთ თანამებრძოლთნ ერთად რუსებმა წაიყვანეს.
მადონა კაცაძე, ლაშა თევზაძის დედა: "ჩემი შვილი, ხუთ თანამებრძოლთან ერთად, "კობრას" ეკიპაჟის წევრებმა შენობაში შეიყვანეს. როგორც ბიჭებმა მითხრეს, ლაშა ყველაზე უვნებელი იყო, მაგრამ მან კანტუზია მიიღო და სიარულს ვერ შეძლებდა. ექვსივე ცოცხლები იყვნენო. ბიჭებმა ისინი იმ იმედით დატოვეს, რომ ტექნიკით შევიდოდნენ მათ წასაყვანად, მაგრამ ვერ მოხერხდა ცხინვალში შებრუნება. ჩემი შვილი უკავშირდებოდა თანამშრომლებს, ეუბნებოდა ამ ადგილას ვართ და მოგვეშველეთო, ისევე იქცეოდნენ დანარჩენებიც. ეს სინამდვილეა.
ჩვენ კულახმეტოვისგან ვიცით, რომ ოსმა ცოლ-ქმარმა გამოიყვანა ბიჭები გარეთ, მაგრამ ამ დროს მათ რუსები შეხვედრიან და ბიჭები წაურთმევიათ. მეტი ჩვენ არაფერი ვიცით. დახოცეს თუ არა ესეც არ ვიცი. 45 ჯარისკაცის ცხედარი რომ გამოიტანეს ცხინვალიდან, თითქოს მათ შორის იყო ჩემი შვილის ცხედარიც, მე არ მინახავს და რაღაცნაირად გულს ვიიმედებ.
ძნელია დედისთვის ერთადერთი შვილის დაკარგვა. მხოლოდ ერთი ლავიწის ძვალი იყოო ასეა ცნობილი ჩვენთვის. ტყვედ აყვანილი ადამიანის სხეული ნუთუ ამდენად შეიძლება ყოფილიყო დასახიჩრებული, რომ ერთი ძვალი დარჩენილიყო მხოლოდ?
- როგორც ცნობილია ამ ეკიპაჟის წევრებმა მკლავი და ფეხი დაკარგეს...
- მათ შორის ჩემი შვილი არ იყო. მკლავი მარსაგიშვილს ჰქონდა დაზიანებული. ფეხშიც სხვა იყო დაჭრილი.
თუ არ მომატყუეს ბიჭებმა, შეიძლება შევეცოდე და გაუბედურებულ დედას სიმართლე ვერ მითხრეს. ლაშა ყველაზე კარგად იყოო, უბრალოდ გონება დაკარგა და ვერ წამოვიყვანეთო, ვერც წამოიყვანდნენ ამხელა ბიჭს. ჩემი შვილი სხვანაირად იყო აღზრდილი, მაგრამ ომში ალბათ არავინ გახსენდება ადამიანს, არც დედა, არც ცოლი, შვილი, ალბათ მხოლოდ იმაზე ფიქრობ შენს სამშობლოს როგორ დაეხმარო და უშველო.
"კობრა" რომ შესულა ცხინვალში, ჩემს შვილს ოსური დროშა დაუნახავს, ბიჭებისთვის უთქვამს მანქანა გააჩერეთ, უნდა ჩამოვხსნაო, არ უშვებდნენ თურმე, სნაიპერი იქნება ჩასაფრებულიო, მაგრამ ლაშა მაინც გადასულა, ოსური დროშა ჩამოუხსნია.
- როდის ნახეთ ბოლოს თქვენი შვილი?
- 2008 წლის 7 ივლისს ვიყავი ჩამოსული ლაშასთან. ბავშვი მოვნათლეთ მცხეთაში, სვეტიცხოველში. იქიდან მე და ლაშა ერთად დავბრუნდით სამტრედიაში, აქ ამოეწერა კომისარიატიდან.
სახლიდან რომ გადიოდა კართან გაჩერდა და მითხრა: დედა, სექტემბრამდე როგორმე მოითმინე და მერე ჩემთან წაგიყვან, მარტო აღარ იქნებიო. იცოდა როგორ მიჭირდა მარტო ყოფნა. მას შემდეგ აღარ მინახავს. ბოლოს 5 აგვისტოს დამირეკა. სიმამრმა სამოთახიანი ბინა და მანქანა აჩუქა, 5 აგვისტოს გაიფორმეს. 7-ში და ღამის ორ საათზე წავიდა ცხინვალში. 5 აგვისტოს შემდეგ მისი ხმა არ გამიგია.
სამსახურმა ძალიან დიდი პატივი სცა მის ოჯახს. მადლობელი ვარ ვანო მერაბიშვილის, რომ დააფასა ჩემი შვილის ამაგი და უყურადღებოდ არ ტოვებს მის ოჯახს."
წყარო
internet.ge