ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ახალი ლიდერი
„პრეზიდენტობისთვის“ ემზადება. ლეონიდ თიბილოვის „ინაუგურაცია“ 19 აპრილს შედგება, მანამდე კი თიბილოვი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს შეხვდა და მასთან „ხელისუფლების“ ფორმირების
საკითხები განიხილა. თიბილოვი მოქმედ რეჟიმს დაშლის და ახლის ფორმირებას დაიწყებს.
დღესვე განცხადება გააკეთა ცხინვალის ოპოზიციის ლიდერმა ალა
ჯიოევამ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ თიბილოვი მისთვის მისაღებ საკადრო პოლიტიკას
გაატარებს, ის შეიძლება, დათანხმდეს კიდეც ახალ „ხელისუფლებაში“ რაიმე პოსტს.
ასეთი შეთავაზება ჯიოევამ თიბილოვისგან ჯერ კიდევ
„წინასაარჩევნო კამპანიისას“ მიიღო.
მანამდე კი ჯიოევა ახალი პარტიის შექმნას აპირებს, რომლის
სახელწოდებაც იქნება „ოსეთი - თავისუფლების მოედანი“. ჯიოევას თქმით, პარტიის
სახელი გასული წლის ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება, როცა ოპოზიცია და ხალხი თავის
თავისუფლებასა და არჩევანს იცავდა. ახალი პარტიის ლიდერი თავად ალა ჯიოევა იქნება.
Internet.ge