ცხინვალის რეგიონში საქართველოსთან
ურთიერთობაში რაიმე ცვლილებას არ ელიან. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა
ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
„ჩვენ ყურადღებით
ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად დაძაბული
წინასაარჩევნო კამპანიისა, არჩევნები შედგა, მხარეებმა აღიარეს მისი შედეგები. ასე
რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება,“ - განაცხადა
თიბილოვმა.
ამასთან, თიბილოვმა ხაზი
გაუსვა, რომ არ აქვს იმედი, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სამხრეთ ოსეთთან
ურთიერთობაზე რამენაირად აისახება.
„ჩვენ არ ვამყარებთ დიდ
იმედებს. საქართველოს ჯერ არც ერთ ხელმძღვანელს არ მოუსურვებია ჩვენთან
თანაბარუფლებიანი ურთიერთობის დამყარება. და ბატონი ივანიშვილიც, თავისი
განცხადებებიდან გამომდინარე, არ არის მზად ამისთვის. ამასთან ერთად, ის, ისევე
როგორც სხვა ქართველი პოლიტიკოსები, თავის ხალხს სამხრეთ ოსეთის დაბრუნების იმედს
აძლევს. სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა ისეთი სახელმწიფოს შემადგენლობაში, როგორც
საქართველოა, ახლა კი ის სუვერენული, აღიარებული სახელმწიფოა და პოლიტიკა ამ
რეალიების გათვალისწინებით უნდა აიგოს,“ - განაცხადა თიბილოვმა.
მან აღნიშნა, რომ
საქართველოსთან ურთიერთობის დაწყება მხოლოდ ცხინვალის რეგიონზე თავდაუსხმელობის
დოკუმენტზე ხელისმოწერის შემდეგ შეიძლება.
Internet.ge