ცხინვალში, ოპოზიციის შტაბში, დღეს ჯამბულატ თედეევის
მომხრეები შეიკრიბებიან, რათა გააპროტესტონ თედეევის მიმართ დევნის ფაქტები.
რუსეთის ეროვნული ნაკრების მწრთვნელობიდან „სამხრეთ ოსეთის“
ოპოზიციაში ყოფნის გამო ჩამოქვეითებული თედეევი, რომელსაც ედუარდ კოკოითის რეჟიმი
ებრძოდა, ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა თავის ე.წ. ინაუგურაციაზე
მიიწვია, რომელიც 19 აპრილს უნდა გაიმართოს. თუმცა გუშინ თედეევი რუსეთის „ფსბ“-მ
გამოიძახა, მანამდე კი გააფრთხილეს, რომ ცხინვალის რეგიონში, მითუმეტეს,
„ინაუგურაციაზე“, ფეხი არ დაედგა.
რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის გაზეთებში დაიბეჭდა თიბილოვის ოპოზიციონერი
გარემოცვის წარმომადგენლების განცხადება იმის თაობაზე, რომ ედუარდ კოკოითი,
რომელიც სძულს ხალხს, უმჯობესია „ინაუგურაციაზე“
არ მივიდეს. განცხადებაში საუბარი იყო სწორედ იმაზე, რომ კოკოითისა და
ღონისძიებაზე ასევე მიწვეული თედეევის შეხვედრა, შესაძლოა, მარტივად არ დასრულდეს.
ოპოზიციური
ოსური საიტის „Uasamonga.ru“-ს
ყოფილი მთავარი რედაქტორი ელინა მირზოევა ამბობს, რომ „ფსბ“-ს გააქტიურება სწორედ
კოკოითის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა:
„უბრალოდ,
კოკოითს არ შეუძლია დაუშვას, რომ ინაუგურაციაზე, თედეევი, როგორც ტრიუმფატორი, ისე
გამოჩნდეს, რადგან ყველამ იცის, რომ თედეევის წყალობით გახდა თიბილოვი პრეზიდენტი.
ამიტომ, კოკოითმა ჩართო თავისი კავშირები „ფსბ“-სთან“-განაცხადა მირზოევამ.
internet.ge