სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი
- ალექსანდრე ანქვაბი, საქართველოში გერმანიის ელჩს - ორტვინ ჰენინგს შეხვდა.
როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, მას ანქვაბის აზრი აინტერესებდა იმ პრობლემებთან დაკავშირებით,
რაზეც თბილისსა და სოხუმს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
როგორც ჰენინგთან შეხვედრისას
ანქვაბმა აღნიშნა, 2005 წლიდან დღემდე, საქართველოში
აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებთან კონტაქტმა მას დაანახა, რომ მათი პოზიცია
აფხაზეთთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
„ჩვენ უნდა ავირჩიოთ დიალოგის
სხვა ფორმატი. აფხაზ ხალხს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და მას მისდევს
ქვეყნის ხელმძღვანელობაც. ეს არის
დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო“ - განაცხადა ანქვაბმა და დასძინა,
რომ „პოლიტიკური ვაჭრობა უადგილოა და არ
ღირს დროის ხარჯვა ჩართულობის სხვადასხვა პროგრამებზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ
აფხაზეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, შესაძლოა, მხოლოდ ძალის
გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შეიცვალოს.
„აპსნიპრესის“ ცნობით,
ანქვაბმა, გერმანიის ელჩს საქართველოში ისიც განუცხადა, რომ შესაძლოა, აფხაზეთის
ე.წ. ხელისუფლება მალე საერთოდ აღარ დაელაპარაკოს საქართველოში აკრედიტებულ
დიპლომატიურ კორპუსს: „ჩვენ არ გვსურს თბილისის საშუალებით კონტაქტი“ - განაცხადა
მან.
Internet.ge