ცხინვალში ე.წ. სამთავრობო პოსტებს ანაწილებენ და რიგ სამსახურებს აუქმებენ.
ახალი მარიონეტული რეჟიმი, სავარაუდოდ, დიდწილად იმ ადამიანებისგან დაკომპლექტდება, რომლებიც ზამთრის პერიოდში ედუარდ კოკოითისა და მისი გუნდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ ხმაურდება, მაგრამ როგორც "ეხო კავკაზა" იუწყება, უკვე 2 დღეა ანატოლი ბარანკევიჩი ე.წ. ვიცე-პრემიერად დანიშნეს.
ე.წ. საგარეო უწყებას ალან პლიევი უხელმძღვანელებს. ე.წ. ფინანსთა მინისტრად უკვე დანიშნულია აზა ხაბალოვა, რომელსაც ეს პოსტი 1999-2008 წლებში ეკავა. ასევე ალა ჯიოევას მომხრე როდიონ სიუკაევი, რომელიც ამავდროულად სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის ნდობით აღჭურვილი პირია, სავარაუდოდ, ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი გახდება.
რაც შეეხება თავად ალა ჯიოევას, მას სავარაუდოდ, ე.წ. მეორე ვიცე-პრემიერის თანამდებობას შესთავაზებენ. როგოც "ეხო კავკაზა" წერს, ჯიოევას არჩევანის უფლებას აძლევენ – თანამდებობა იმის მიხედვით აირჩიოს, თუ ვისთან მოუწევს მუშაობა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ის რომელიმე პოსტს ე.წ. სამთავრობო კაბინეტში ყველა შემთხვევაში დაიკავებს.
internet.ge