ცხინვალის
მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავ უწყებებს ე.წ. დეპუტატის ბალა ბესტაუტის
დაკავების გარემოებების გარკვევა დაევალათ. სწორედ ბესტაუტის დაკავების ფაქტს
განიხილავდნენ დღეს სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან, ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე.
თიბილოვის
შეფასება ასეთი იყო: „ბესტაუტის წინააღმდეგ ორგანიზებულ იქნა პროვოკაცია“ -
იუწყება სააგენტო „რეს“.
ამ
ისტორიაში, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე, რუსი მესაზღვრეების
მიერ ცხინვალელი ე.წ. დეპუტატის დაკავებაში, თიბილოვი პროვოკაციის ჯაჭვს ხედავს,
რომელშიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თბილისი, შემდეგ კი თავად ცხინვალი და
მოსკოვიც შეიძლება იყვნენ გარეულები.
„დღეს
სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან სერიოზული პროვოკაციები ხდება. იქ
მუშაობენ ინსტიტუტები, რომელთა საქმიანობაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.
მათ შეუძლიათ იმუშაონ პირდაპირ, ან მესამე ქვეყნების საშუალებით; ეძებენ და
კვლავაც მოძებნიან ჩვენს ხალხს შორის ადამიანებს, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების
სანაცვლოდ, უარს არ იტყვიან მათს დახმარებაზე. არის ასეთი მუხლი სისხლის სამართლის
კოდექსში - სამშობლოს ღალატი. აქ ამ მუხლის სუნი დგას“ - განაცხადა თიბილოვმა.
მან
დაავალა ე.წ. შს მინისტრს - ვალერი ვალიევს, დაუკავშირდეს რუს კოლეგებს
და გაარკვიოს რა მოხდა.
„აუცილებელია
გაირკვეს, რა გახდა ბალა ბესტაუტის დაკავების მიზეზი. მას ხომ არაერთხელ
გადაუკვეთავს ეს საზღვარი, ახლა კი გამოდის, რომ ასეთი რამ ყოველდღე შეიძლება
მოხდეს. ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება“ - აღნიშნა თიბილოვმა.
ბალა ბესტაუტი რამდენიმე დღის წინ რუსმა მესაზღვრეებმა
გამშვებ პუნქტ ქვემო ზარამაგზე დააკავეს. როგორც თავად დაკავებული აცხადებდა, მას
განუმარტეს, რომ
დაკავებულია ინტერპოლის სანქციის საფუძველზე, რომელმაც საქართველოს მოთხოვნით,
ის, საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
internet.ge