აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ მას არ გამოუთქვამს მაინცდამაინც ივანიშვილთან და ალასანიასთან დიალოგის სურვილი და რომ მისი ინტერვიუს აღნიშნული ნაწილი იტალიელმა ჟურნალისტმა არასწორად გადმოსცა.
როგორც ცნობილია, ამ დღებში ჩირიკბამ იტალიაში ყოფნისას ინტერვიუ მისცა ჟურნალ „Limes“-ს, სადაც ის ამბობდა: „საქართველოს პრეზიდენტი სხვა რომ ყოფილიყო და არა სააკაშვილი, ჩვენ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გვექნებოდა. ჩვენ უფრო პრაგმატულად მოაზროვნე თანამოსაუბრე გვჭირდება, როგორიცაა, მაგალითად, ალასანია ან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შესაძლოა, საკმარისად პრაგმატულიც, რათა მიხვდეს, რომელი გადაწყვეტილება იქნება ყველა მხარისთვის ხელსაყრელი.“
თუმცა დღეს ჩირიკბა ამ განცხადებას უარობს და ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს ივანიშვილსა და მის პოზიციას.
„მან (ჟურნალისტმა) ყველაფერი ძალიან გაამარტივა ინტერვიუში. გამოვიდა, თითქოსდა, ვამბობ, რომ ამასთან (ივანიშვილთან) - კი, სხვასთან - არა. ასე არ იყო. მე ვთქვი, რომ დიახ, ამასთან (სააკაშვილთან) არ გამოდის, ხოლო ისინი, ვინც შემცვლელებად მოვლენ, შესაძლოა, უფრო პრაგმატულები იყვნენ. დავუსახელე ოპოზიციონერთა სახელები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვისთანაც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი“ - უთხრა ჩირიკბამ „ეხო კავკაზას“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩირიკბა იცნობს ირაკლი ალასანიას, რომელიც სოხუმთან მოლაპარაკებებისას საქართველოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი იყო. ივანიშვილზე კი აფხაზმა დიპლომატმა ძუნწად ისაუბრა - წერს „ეხო კავკაზა“. - მან აღნიშნა, რომ არ იცნობს მის პოზიციას, ამდენად არ შეუძლია რაიმე ვარაუდები ააგოს იმაზე, რამდენად შესაძლებელია ამ ოპოზიციონერთან დიალოგი.
internet.ge