ამერიკული
ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის
ექსპერტები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რუსეთის გავლენის შესახებ წერენ.
მათი დასკვნებით, მოსკოვს ეს ტერიტორიები ყოფილ საბჭოთა მოკავშირეებზე (ანუ
საქართველოზე) ზეწოლის ბერკეტად სჭირდება. ასეთი ბერკეტი კი ანალიტიკოსების აზრით,
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ძალაა, რაც მათი
მონაცემებით ორივე სეპარატისტულ რესპუბლიკაში
7 ათას სამხედროს შეადგენს.
„რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია და გამოიყენებს კიდეც ამ
თვითაღიარებულ რესპუბლიკებში თავის დომინანტურ პოზიციას იმისთვის, რომ დასაჯოს
თავისი ყოფილი მოკავშირეები იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც არ მოსწონს მოსკოვს.
მაგალითად, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს,
როცა თბილისი აქტიურად მისდევდა პროდასავლურ კურსს (იგულისხმება მისი მცდელობა
შევიდეს ნატო-ში). მოგვიანებით კი მან აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის
დამოუკიდებლობა. მას შემდეგ განათავსა თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებზე,
რაც შეიძლება მუდმივი საფრთხე იყოს საქართველოსთვის“ - ნათქვამია ანალიტიკური
ცენტრის დოკუმენტში.
მასში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და რუსეთს შორის
ძალთა აშკარა უთანასწორობა და აქედან გამომდინარე კი ის, რომ საქართველოს არ
შეუძლია რეალობა ომის გზით შეცვალოს. ამასთან, Stratfor-ის ექსპერტების აზრით,
რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი, ეს ტერიტორიები კვლავ მიუერთდეს ყოფილ მფარველს,
რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მოსკოვი ზეწოლის ბერკეტებს დაკარგავს.
Internet.ge