„ჩვენ ვართ ბევრნი და აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- ამ სიტყვებით
მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში შეკრებილ
ამომრჩეველს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში ყოფითი პრობლემებია,
მათი გატეხვა იმ დამპყრობელმაც ვერ შეძლო, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს
ომის დროს სამეგრელოს სოფლებში შეიჭრა.
„ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, აქ ბევრი
დევნილი ხართ და მადლობას გიხდით გამძლეობისთვის, იმისთვის, რომ გვერდში გვედექით
რუსული ემბარგოს დროს. არ შეგაშინათ იმ ტერორისტულმა აქტმა, რომელიც აქ
განხორციელდა. თქვენი გაუტეხლობა ყველაზე კარგად ჩვენმა დამპყრობელმა იცის, ამიტომ
ახლა არჩევნების წინ გადაწყვიტა, ვითომ მოფერებით დაითრიოს საქართველო, ნურას
უკაცრავად, ჩვენ ერთნი ვართ და სამშვიდობოს ერთად გავალთ“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანია ნატო,
ევროკავშირი და უკეთესი ცხოვრება.
სააკაშვილის განცხადებით „უკეთსი ცხოვრება“ სამეგრელოდან იწყება.
internet.ge