„ფრანს პრესთან“ ინტერვიუში ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს
„ფრანს პრესი“ კოალიცია „ქართული
ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემა წერს,
რომ ივანიშვილი სააკაშვილს რუსსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. სააგენტოსთან
ინტერვიუში ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილს გამოთქვამს და აღნიშნავს,
რომ ამ გზამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და დაკარგულ ტერიტორიებთან
კავშირის აღდგენას.
„მე არ მინდა ვაკრიტიკო პუტინი,
რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილს და ვაკრიტიკო დიდი ქვეყანა“, - აღნიშნა
ივანიშვილმა „ფრანს პრესთან“ საუბრისას და დასძინა - „როგორ შეიძლება ვაკრიტიკოთ პუტინი,
როდესაც ჩვენ სააკაშვილი გვყავს?“
გამოცემასთან საუბრისას ბიძინა
ივანიშვილი არ შემოიფარგლა სააკაშვილის უბრალო კრიტიკითა და მას „პროფესიონალი მატყუარა“
და „ძაღლიშვილიც“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ადრე სააკაშვილს ეხმარებოდა, თუმცა სააკაშვილმა
ავტორიტარული სახელმწიფო შექმნა, რომელიც არაფრით ჯობია რუსეთსა და ბელარუსიას.
„ფრანს პრესი“ იუწყება, რომ
არჩევნებზე დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ივანიშვილი მასობრივი აქციების მოწყობას
გეგმავს. თუმცა, პუბლიკაციის ბოლოს, ივანიშვილი, ასევე, იმასაც ამბობს რომ პოლიტიკაში
ამბიციური გეგმები არ აქვს და გაპრემიერების შემდეგ, ორ წელიწადში წავა პოლიტიკიდან,
ხოლო თავის გუნდს პარლამენტში დატოვებს.
Internet.ge