კოალიცია "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
"ვინაიდან ხელისუფლება განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს კოალიცია "ქართული ოცნება" არ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ წინასაარჩევნო ქცევის წესებს, საჭიროდ ვთვლით განვაცხადოთ შემდეგი:
1. კოალიციამ 23 ივლისს განაცხადა უპირობო მზადყოფნა არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17 პუნქტიან ქცევის კოდექსთან შეერთებაზე და, ასევე, ტექსტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხის განხილვაზე, თუ ვინმე ამის საჭიროებას დააყენებდა (იხ. დანართი 1);
2. კოალიციამ 6 აგვისტოს განაცხადა, რომ უპირობოდ შეუერთდა ინიციატორი ორგანიზაციების მიერ დაზუსტებულ დოკუმენტს, რომელშიც აისახა ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული საკითხებიც და აიღო ამ დოკუმენტში მოცემული პრინციპების და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება (იხ. დანართი 2);
3. კოალიციამ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვა სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგის ქმედითი მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით;
4. კოალიცია, დღეს, 17 სექტემბერს კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყოველგვარი შენიშვნების, დამატებებისა და წინაპირობების გარეშე აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ქცევის კოდექსი იმ სახით, როგორც ის ქართულ და ინგლისურ ენებზეა გამოქვეყნებული "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდზე 20 აგვისტოს თარიღით (http://transparency.ge/en/post/general-announcement/proposals-affects-you-to). ცხადია, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება ვრცელდება დოკუმენტის ბოლო პუნქტზეც - "ვაღიარებთ ზემოჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს";
5. სინამდვილეში, სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ შეიყვანა ჩიხში სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოწყებული პროცესი, უარი თქვა დოკუმენტის საბოლოო ვერსიასთან მიერთებაზე და ალტერნატიული დოკუმენტების ფრიალით ცდილობს ამ ფაქტის მიჩქმალვას. თუ ჩვენი ამ მორიგი განმარტების შემდეგ კიდევ გააგრძელებს ვინმე სპეკულაციებს იმაზე, რომ ჩვენ არ ვაღიარეთ სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებულ ქცევის კოდექსი ან რაიმე დაბრკოლება შევქმენით ამ პროცესში, ჩავთვლით, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის აგიტატორებთან" - ნატქვამია განცხადებაში.
internet.ge